კორონავირუსის გამო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია 20 მარტამდე დაგეგმილ ყველა შეხვედრას წყვეტს.
მედიის ინფორმაციით, ორგანიზაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„გენერალურმა დირექტორმა რობერტო აზევედომ მსოფლიო სავაჭრო ორგანზაციის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 11 მარტიდან 20 მარტამდე ყველა შეხვედრა გადაიდება. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული რაც ერთ-ერთ თანამშრომელს COVID-19 ვირუსი დაუდასტურდა,“- აღნიშნულია ორგანიზაციის პრესრელიზში.
მსოფლიო სავაჭრო ორგნიზაციის გენერალური დირექტორის განმარტებით, ამ „უპრეცედენტო ნაბიჯის“ მიზეზი ისაა, რომ მათთვის თანამშრომლებისა და წევრების ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და განვახორციელებთ ყველა ზომას, რაც ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვისთვის იქნება აუცილებელი,“ – აღნიშნულია აზევედოს განცხადებაში.