ევროკავშირის ქვეყნებმა კორონავირუსის კვლევაზე 100 მილიონ ევროზე მეტი გამოყვეს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპელ ლიდერებთან გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა.
„ევროპის დონეზე ჩვენ უკვე დავხარჯეთ 100 მილიონი ევრო კვლევებზე, რათა არსებული პროგრამების მხარდაჭერა მოვახდინოთ. დიაგნოსტიკის სფეროში, მკურნალობასა და ვაქცინაციაზე გვსურს გავააქტიუროთ მუშაობა“ - განაცხადა მან.
სწორედ ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერებისთვის მოხდა დამატებით 100 მილიონი ევროს გამოყოფა, რათა ლაბორატორიებს მიეცეთ მეტი შანსი ვაქცინაზე სამუშაოდ. მაკრონის განცხადებით, ლიდერები ასევე შეთანხმდნენ კოორდინაციის გაუმჯობესებისათვის გადასადგმელ ნაბიჯებზე, თუმცა ამ ეტაპზე არ თვლიან საჭიროდ გატარდეს იმ ტიპის რადიკალური ზომები, როგორიც მიიღეს იტალიაში.
მისივე თქმით, აუცილებელია ევროკავშირმა თავი აარიდოს ბიუჯეტის არასტაბილურობის ნებისმიერ ფორმას, უფრო კონკრეტულად კი ამ თემაზე ხუთშაბათს განცხადებები უნდა გააკეთონ ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობამ. გარდა ამისა, დამატებით განხილვები კორონავირუსთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერებს შორის გაიმართება 26 მარტსაც.