კორონავირუსის გაგრძელების შემთხვევაში იტალიაში იპოთეკური სესხების გადახდა 3 თვით შეჩერდება.
BBC-ის ინფორმაციით, იტალიური ბანკები TSB და Lloyds იპოთეკური სესხების გადახდას დროებით გადაავადებენ, რათა იტალიაში მცხოვრებმა ადამიანებმა მათი დაფარვა შეძლონ.
იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ლაურა კასტელის თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი ღონისძიება, რომელიც იტალიელ ოჯახებს ზარალის შემსუბუქებაში დაეხმარება.
„ჩვენ კარგად გვესმის, თუ რა პრობლემის წინაშე დგანან ჩვენი მომხმარებლები, რაც კორონავირუსის შედეგადაა გამოწვეული. მათი შემოსავლები შემცირებულია, შესაბამისად, მოსახლეობას კრედიტების დაფარვის საშუალება არ აქვს. ამიტომ ჩვენ მათ სესხების გადავადებას ვთავაზობთ.“-განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი “საგადასახადო არდადეგებით“ სარგებლობას შეძლებენ როგორც ოჯახები, ისე იტალიაში არსებული ფირმები.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად 8 მარტს ჩრდილოეთ იტალიაში 16 მილიონი ადამიანი კარანტინში მოაქციეს, 10 მარტს კი, კარანტინის ზონად მთელი იტალია გამოცხადდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია თავშეყრის ადგილებში ყოფნა. გაუქმდა ყველა სპორტული ღონისძიება. მოსახლეობას სხვა ქალაქში გამგზავრება მხოლოდ მუშაობის ან გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შეეძლება.