სახელმწიფოსთვის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების მოტყუებით მიყენებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე დაკავებულ, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
როგორც გენერალური პროკურატურიდან იუწყებიან, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და სახელმწიფოსთვის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების მოტყუებით მიყენებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ბ.ც. პ.გ. კ.ნ. მ.გ. და მ.ტ. დამნაშავედ ცნო.
"სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ორგანიზებულმა ჯგუფმა, 2018-2019 წლებში, სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტის სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე, შეიქმნეს და გამოიყენეს დამატებული ღირებულების გადასახადის უკანონო ჩათვლა, რითაც გადაუხდელი გადასახადის სახით 36 მილიონ ლარზე მეტი, დიდი ოდენობით ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 185-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ საგადასახადო თაღლითობის სხვა მსგავსი ფაქტების გამოსავლენად სამართალწარმოება გრძელდება. დღეის მდგომარეობით სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს და საერთო სასამართლოების სისტემაში იხილება 84 პირის ბრალდების ათეულობით საქმე, 29 პირის მიმართ უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენები. სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიუღებელი გადასახადის სახით მიყენებული ზიანიდან ანაზღაურებულია დაახლოებით 6 მილიონი ლარი. საგადასახადო თაღლითობის სხვა მსგავს ფაქტებზე რეაგირების, დანაშაულებრივად დაკავშირებული პირების გამოვლენისა და მათ მიმართ სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების გასატარებლად სამართალდამცავ სისტემებში გამოძიება გრძელდება“, - აცხადებენ პროკურატურაში.