შპს "საქაერონავიგაციამ" გერმანულ კომპანია COMSOFT-თან ორი ახალი ხელშეკრულება გააფორმა

შპს "საქაერონავიგაციასა" და გერმანულ კომპანია COMSOFT-ს შორის ორი ახალი ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს შპს "საქაერონავიგაციის" გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა და კომპანია COMSOFT-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მანფრედ შმიდტმა.

"აღნიშნული ხელშეკრულება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესასრულებლად, რომელიც ითვალისწინებს სააერნაოსნო ინფორმაციის მომსახურებების (AIS) გადასვლას სააერნაოსნო ინფორმაციის მართვაზე. 2013 წელს "საქაერონავიგაციაში" უკვე დაინერგა COMSOFT-ის ახალი სისტემები. ხელშეკრულების თანახმად, ამ ეტაპზე მოხდება ცენტრალური სააერნაოსნო მონაცემთა ბაზისა და მისი მაღალტექნოლოგიური ელექტრონული სააერნაოსნო ინფორმაციის კრებულის დანერგვა", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

მათივე განმარტებით, აღნიშნულის გარდა, ხელშეკრულების ფარგლებში, დაინერგება COMSOFT-ის სისტემა COFFEE, რომელიც ორგანიზაციას რეგიონებს შორის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოპერატიული კავშირის დამყარების საშუალებას მისცემს.

"მსოფლიო ბაზარზე გერმანული კომპანია COMSOFT წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას, რომლის სისტემური უზრუნველყოფა საჰაერო მოძრაობის მართვის ინდუსტრიის თანამედროვე მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს", - განმარტავენ უწყებაში.