"პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე მუნიციპალურმა ინსპექციამ 350 ობიექტი შეამოწმა და გამოიწერა სამართალდარღვევის 48 ოქმი"

პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ 350 ობიექტი შეამოწმა, გამოიწერა სამართალდარღვევის 48 ოქმი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძე მეწარმეებს მოუწოდებს, სანამ მათი შემოწმება და დაჯარიმება მოხდება, პოლიეთილენის პარკების გამოყენება ხმარებიდან ამოიღონ და ის ბაზარზე არსებული ალტერნატიული პარკებით ჩაანაცვლონ.

„ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ეკოლოგიურ მდგომარეობას, მის გამოსწორებას. ეკოლოგიური მდგომარეობა ვერ გამოსწორდება მხოლოდ მწვანე სივრცეების შექმნით. ძალიან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო და დაევალა დედაქალაქის მერიას ეკონომიკურ ბაზარზე პოლიეთილენის პარკების გაკონტროლება. ეს პარკები ამოღებულია ხმარებიდან. ეს არის კანონით დადგენილი, რომ პოლიეთილენის პარკების გამოყენება აღარ შეიძლება და ეს არის დამაზიანებელი გარემოსთვის და ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით. პირველ ეტაპზე მეწარმეებს მიეცათ გაფრთხილებები, რომ ეს პოლიეთილენის პარკები ამოეღოთ მიმოქცევიდან. ბოლო დღეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც გაფრთხილებით გათვალისწინებული ვადა ამოიწურა, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ 350 ობიექტი შეამოწმა. გამოიწერა სამართალდარღვევის 48 ოქმი. დაჯარიმდნენ მეწარმეები, ისინი, ვინც გაფრთხილების ვადაში არ მოახდინეს რეაგირება და მათი საქმიანობა კანონით გათვალისწინებულ წესებთან და პროცედურებთან შესაბამისობაში არ მოიყვანეს.

კიდევ ერთხელ მინდა მივმართო და მოვუწოდო ყველას მანამ, ვიდრე მათი შემოწმება, ჯარიმის გამოწერა და პროდუქციის კომფისკაცია მოხდება, დროულად მოახდინონ ამ პროდუქციის ამოღება. ადგილობრივ ბაზარზე კანონთან შესაბამისობაში არსებული ალტერნატიული პარკების წარმოება დაწყებულია და მათ აქვთ შესაძლებლობა, ჩაანაცვლონ ეს პოლიეთილენის პარკები. მუნიციპალურ ისპექციას მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა და მოგიწოდოთ, გააგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით, რადგან ჩვენ საუბარი გვაქვს იმ პრობლემაზე, რომელიც ეხება ყველას. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი, მუნიციპალიტეტის პრობლემა, ეს არის ყველა ადამიანის პრობლემა, როდესაც ვსაუბრობთ ეკოლოგიაზე, სისუფთავზე, წინსვლაზე, მომავალზე, ჩვენს შვილებზე, ეს არის პრობლემა, რომელიც გარემოს საფრთხეს უქმნის“,- განაცხადა კალაძემ.