კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქის ტრანსპორტის განვითარების გეგმისა და მოდელის შემუშავება მიმდინარეობს

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქის ტრანსპორტის განვითარების გეგმისა და მოდელის შემუშავება მიმდინარეობს.

როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, იგეგმება სამარშრუტო ქსელის ოპტიმიზაცია და სატრანსპორტო დერეფნების მოწყობა, რაც გენგეგმის მიხედვით ხდება.

„დაქირავებული გვყავს ფრანგული კომპანია, რომელიც ამ პროექტების განხორციელებაში გვეხმარება. დააკვირდებით ალბათ, რომ ყველგან, სადაც ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ, ასევე ვაკეთებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლებს, რომ გადაადგილება იყოს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მოხერხებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური კონკრეტულ არეალებს თავად აგეგმარებს, რომ არ მივიღოთ ის შედეგი, რაც სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გვაქვს. ეს ცუდი მაგალითია, თუ როგორ არ უნდა განავითარო შენი ქალაქი. ეს პრობლემები თავიდან რომ აგვეცილებინა, ქალაქში გამოვყავით არეალები, მაგალითად ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც საკმაოდ მოთხოვნადია. იქ შევაჩერეთ განაშენიანება და ჩვენ თვითონ დავგეგმეთ როგორ უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული არეალები, რათა თავიდან ავიცილოთ ქაოტური განაშენიანება. ხდება კონკრეტული არეალების განაშენიანება, სადაც არ არის არც საკანალიზაციო სისტემები, არც წყალი, გაზი, გზები, მისვლა შეუძლებელია. ეს ყველაფერი უნდა იყოს დაგეგმილი და შემდეგ უნდა მოხდეს მისი განხორციელება. ანალოგიური მიდგომა გვაქვს კოჯორი-შინდისის ტერიტორიებზე. აქ, თუ არ ვცდები, დაშვებულია მშენებლობა, უკვე გვაქვს შემუშავებული განაშენიანების რეგულირების გეგმა, როგორ უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული არეალები. მოსახლეობასთან შეხვედრები დაწყებულია და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პრობლემები თავიდან ავიცილოთ და არ მივიღოთ ის კატასტროფა, რაც სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გვაქვს“, - განაცხადა კალაძემ.