თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ქალაქის ქაოტური განაშენიანება კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მერია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალაქში არსებული რეალობა სწორი ქმედებებით, სწორი პროექტების განხორციელებით შეცვალოს.
თბილისის მერმა დედაქალაქის გენერალური გეგმის დოკუმენტის მიღებიდან 1 წელიწადში შესრულებული სამუშაოები შეაჯამა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა მიმართულებით თბილისი სწორად ვითარდება.
„მინდა გაცნობოთ, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც დავამტკიცეთ. ბევრი მუშაობა მოგვიწია, ბევრი ნერვებიც დაიხარჯა, თუმცა ღირდა და მნიშვნელოვანი იყო ამ დოკუმენტის მიღება. თბილისის მერიამ გენგეგმის აღსრულების ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა ამ ერთი წლის განმავლობაში. კერძოდ, გენგეგმის საფუძველზე შეჩერდა ქალაქის ქაოტური განაშენიანება, კოეფიციენტები შეიზღუდა. იცით, რამდენად პრობლემური იყო ქალაქის ქაოტური განაშენიანება, გვაქვს კონკრეტული უბნები, ქუჩები, რაც დღეს ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და გვაწუხებს ყველას. შესაბამისად, გენგეგმა, რომელიც მივიღეთ, იძლევა იმის საშუალებას, რომ ქალაქის განვითრება მომდევნო წლების განმავლობაში მოხდეს სწორად და ჩვენ თავიდან ავიცილოთ ქაოტური განაშენიანება, რაც სერიოზული პრობლემაა“, - განაცხადა კალაძემ.