ბევრი შეკითხვაა კორონავურის გავლენაზე მსოფლიო ეკონომიკასა და მათ შორის საქართველოზე. აგრეთვე საინტერესოა, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ? - ამასთან დაკავშირებით ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია პოსტს აქვეყნებს.
როგორც აკაკი ცომაია საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე წერს, ძალზე არაპროგნოზირებადი გარემოდან გამომდინარე, მოვლენათა განვითარებას შესაძლოა ჰქონდეს უამრავი სცენარი.
"ბევრი რამ დამოკიდებულია დროის ფაქტორზე, თუ როდის ჩაცხრება ეს ისტერია, რაც თავის მხრივ, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. მაგალითად, როდის დაიწყებს ვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევის მნიშვნელოვანი კლება გლობალურ დონეზე, გამოჩნდება თუ არა რაიმე სამკურნალო მედიკამენტი და ა.შ.
ამ ეტაპზე, შეგვიძლია მხოლოდ შემდეგი დასკვნების გამოტანა:
1. არასწორია, როდესაც მიმდინარე მოვლენებს ვადარებთ 2007-2009 წლის გლობალურ ფინანსურ კრიზისთან. მაშინ საქმე გვქონდა უძრავი ქონების საპნის ბუშტთან, რომელშიც საფინანსო ინსტიტუტების მოკლევადიანი ვალდებულებები იყო ჩათრეული და ბუშტის გახეთქვასთან ერთად, ყოველდღიური ტრანზაქციებისთვის საჭირო ლიკვიდობა უბრალოდ აორთქლდა. დღეს, საფინანსო ინსტიტუტები ამ პრობლემის წინაშე არ დგანან. მათი ფინანსური ზედამხედველობის ხარისხიც საკმაოდ ძლიერია. იმისათვის, რომ მსგავსი პრობლემა განმეორდეს, ისტერიის დროის ფაქტორი უნდა იყოს ხანგრძლივი (ანუ, უნდა დავუკავშიროთ ბევრი ბიზნესის მდგომარეობის გაუარესებას ისტერიის პერიოდში, რასაც მოყვება კრედიტის გადახდაზე უარის თქმას მასობრივად). თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ ამის ალბათობა ძალზე დაბალია. ამ წუთის მდგომარეობით, რა ინფორმაციასაც ვფლობთ (რომ ეს ქარიშხალი ზაფხულისთვის ჩაწყნარდება), ვირუსის გავრცელებამ უნდა მიიღოს შეუქცევადი ხასიათი და მოულოდნელად გაიზარდოს სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაზეც სჯობს არ ვიფიქროთ და ეს ნაკლებსავარაუდოა. ასე, რომ თავისი მასშტაბით, ეს არ არის 2007-2009 წლების რეცესიის ტოლფასი ჯერჯერობით და იმედი გვაქვს, რომ დიდი ალბათობით, ვერ იქნება. ამ ეტაპზე ვვარაუდობთ, რომ დროებით შემცირდება როგორც საერთაშორისო ვაჭრობის, ისე კაპიტალისა და ადამიანური რესურსის საერთაშორისო მობილობის ტრენდი, რაც ამ პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელზე უარყოფითად აისახება.
2. მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასების მოულოდნელი კლება არ ნიშნავს გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს. ჯერ ერთი, კონკრეტულ საკითხში, რუსეთის მორიგი "სულელური" გადაწყვეტილების როლი საკმაოდ მაღალია. მეორე, საბირჟო ინდექსები გამოეხმაურა შექმნილ ისტერიას. ეს მოსალოდნელი და ნორმალური რეაქცია იყო. ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პირველი ტალღის ხარისხს. კანონზომიერება კი კლებადი უკუგების პრინციპშია. დარტყმის ძალა თანდათანობით კლებულობს მანამდე, სანამ რაიმე ახალი ისტერია არ გაჩნდება, სხვა შემთხვევაში, ინდექსები თანდათანობით ისევ ზევით წავა.
3. ის, რაც ამ თვეებში დაიკარგება საერთაშორისო ვაჭრობაში, სწრაფად აღდგენადია. უნდა გავუძლოთ შემოსავლის კლებას ამ თვეებში, რომელიც შემდგომ სწრაფად აღდგება. ის, რაც დაიკარგება, ნიშნავს, რომ გაქრება, მისი უკან მობრუნება შეუძლებელია. ნუ მოსთხოვთ ხელიფუფლებას იმას, რისი აღდგენაც შეუძლებელია (მაგალითად, ტურიზმის სუბსიდირება).
4. რა გავლენას მოახდენს ეს ჩვენს ეკონომიკაზე? ტურიზმი გასაგებია. ჩვენი ექსპორტი ძირითადად ნედლეულია, მასზე ფასები სავარაუდოდ დაიკლებს, რადგან საერთაშორისო ვაჭრობა შემცირდება და ეს ექსპორტსაც შეამცირებს. ჩვენი პარტნიორი საექსპორტო ქვეყნებიც ძირითადად ნედლეულს ყიდიან (მაგალითად, ნავთობს), მათი შემოსავლებიც დაიკლებს, რაც ჩვენს ექსპორტზე უარყოფითად აისახება. ფულადი გზავნილების დიდი ოდენობა სავაჭრო პარტნიორ და ტურიზმზე დამოკიდებულ ქვეყნებზე (თურქეთი, საბერძნეთი, იტალია) მოდის. აქაც არის კლება მოსალოდნელი. შემოსავლის კლების ხარისხი დამოკიდებულია ე.წ. "ისტერიის" დროის ფაქტორზე. ამ წუთის მდგომარეობითაც კი თუ ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდა, ვიცით, რომ სულ მცირე, ტურიზმის სექტორმა შემოსავლები დაკარგა. ეს მოცემულობაა, რომელსაც უნდა შევეგუოთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ნუ შეეცდებით რაიმე ფორმით (თუნდაც საბანკო ვალის გადავადებით, ან სამთავრობო სუბსიდიდებით) ამ სექტორისთვის შემოსავლის აღდგენას. ხელისუფლებას შეუძლია მხოლოდ გადანაწილება (თან ძალიან ცუდად). ის ვერ შექმნის რაიმე ახალს. ეს ჰგავს მკვდრის (დაკარგული შემოსავლის) გაცოცხლების მცდელობას.
რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? როდესაც შემოსავლის ნაწილს ვკარგავთ, თითოეული ჩვენგანი ვცდილობთ, რომ ცუდ პერიოდში ქამრები შემოვიჭიროთ მანამდე, სანამ კარგი პერიოდი არ დადგება. აქ ხელისუფლების როლი დიდია. მთავრობას შეუძლია ვიღაცას უფრო მეტად შემოაჭერინოს ქამრები და ვიღაცას ნაკლებად. არადა, ყველაზე სწორი ამ სიტუაციაში იქნება ის, რომ თავად მთავრობამ შემოიჭიროს ქამარი და თან საკმაოდ მჭიდროდ
საქართველოს მთავრობა, ნუ ეძებთ იოლ გამოსავალს და ნუ მიადექით ბანკებს. ეს სახიფათო თამაშია. თქვენ რომ გადაგირჩევთ (და ამის დიდი იმედი მაქვს), დიდი ალბათობით, მერე გამოჩნდება პოლიტიკური გადაწყვეტილების თანმდევი ეკონომიკური შედეგები. ერთხელ მაინც გამოიჩინეთ შორსმჭვრეტელობა.
დიახ, შეამცირეთ გადასახადები და ამასთან ერთად, საბიუჯეტო ხარჯები. განსაკუთრებით, პირდაპირი გადასახადები, როგორიცაა საშემოსავლო და ქონების გადასახადი. დღგ-ს შემცირებაზეც შეიძლება ფიქრი. საბიუჯეტო ხარჯები შეკვეცეთ ისე, რომ შეინარჩუნოთ ყველა თანამშრომელი (ბიუროკრატია ძალზე გაბერილია, მაგრამ ეხლა არ არის რეფორმების დრო). სულ მცირე, 1 მილიარდი ლარი მოიძებნება მთელს ბიუჯეტში, რომელიც თქვენს აღვირახსნილ ხარჯვას ამტკიცებს. წარმოიდგინეთ სულ მცირე, 1 მილიარდი გადანაწილებულია ბევრ სხვადასხვა მომხმარებელში. ჩათვალეთ, რომ ეს "ც" ვიტამინია, რომელიც ეხმარება ეკონომიკას იმუნიტეტის გაძლიერებაში, რაც საჭიროა მოსალოდნელი დაავადების სამკურნალოდ",- წერს აკაკი ცომაია.