„მოვუწოდე კომერციულ ბანკებს, სადაც შესაძლებელია, მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია“

„მე მოვუწოდე კომერციულ ბანკებს, რომ სადაც შესაძლებელია, მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი მთავრობასთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს და მოხდება შეხვედრა საბანკო ასოციაციასთან, თუ რისი გაკეთება შეიძლება, იგივე ტურიზმის მიმართულებით დანაკარგების შესამცირებლად.

„როგორც მოგეხსნებათ, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანაში არსებული სირთულეებისა და გამოწვევების გადატანა მოხდეს ნაკლები დანახარჯებით. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ საბანკო სისტემა კარგად ხვდება ამ გამოწვევას. ფინანსური სტაბილურობა გვეხმარება, რომ გადავიტანოთ ასეთი შოკები. კომერციულ ბანკებს არავითარ შემთხვევაში არ აწყობთ გადაუხდელი ვალები, ამიტომ უნდა მოხდეს გაანალიზება სიტუაციის, თუ რა ეფექტი ექნება ამას და აქედან გამომდინარე, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება კომერციულმა ბანკებმა.

მე მოვუწოდე კომერციულ ბანკებს, რომ სადაც შესაძლებელია იმუშაონ თავის კლიენტებთან, რომ მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია. ამ გამოწვევის დროს მთავარია ქვეყანამ შოკის გასანეიტრალებლად სწორი ნაბიჯები გადადგას“- აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შორის აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა დღეს შედგა. შეხვედრის ფორმატში განიხილეს ახალი კორონავირუსის ეკონომიკური გავლენები, განსაკუთრებით ისეთ მოწყვლად სექტორებზე ამ ვირუსის მიმართ, როგორიც არის მაგალითად ტურისტული ინდუსტრია.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე