საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2020 წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა რთული იქნება.
როგორც სებ-ის პრეზიდენტმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, საჭირო იქნება მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა შემცირების მიმართულებით.
„დიდი ალბათობით, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდა იქნება უფრო დაბალი, ვიდრე ეს აქამდე იყო პროგნოზირებული. ჩვენ სხვადასხვა დაშვებებით ვმუშაობთ, განხილვები კიდევ გვექნება, მაგრამ კიდევ და კიდევ, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. გასათვალისწინებელია სხვადასხვა ფაქტორი, ეს იქნება გადმორიცხვები, ტურისტული შემოსავლები, ბიზნესის აქტივობა, მაგრამ რადგან გაურკვევლობა ძალიან მაღალია, რთულია კონკრეტული პროგნოზი დავდოთ ამ ეტაპზე“, - აღნიშნავს კობა გვენეტაძე.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე შექმნილი ვითარება აისახოს ლარის კურსის გამყარებაზე ან გაუფასურებაზე, გვენეტაძის თქმით, მიმდინარე წელს ნომინალური ეფექტური კურსის ისეთი გაუფასურება, როგორიც 2019 წელს დაფიქსირდა, მოსალოდნელი არაა.
„ძალიან რთულია იმის თქმა, როგორ იქნება ზუსტად განვითარება. ამ შემთხვევაშიც, ჩვენთვის მთავარია ის, რომ შევაფასოთ რა გავლენა ექნება ამას ინფლაციაზე. არ ველით, რომ 2019 წელს მომხდარი ნომინალური ეფექტური კურსი, 2020 წელშიც იქნება. თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ 2019 წელს საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო რეგიონში, რომლის ვალუტაც უფასურდებოდა, ხოლო ახლა ლართან ერთად უფასურდება სხვადასხვა ვალუტები და მნიშვნელობა რასაც აქვს ინფლაციისთვის, ესაა ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურება. ამ ეტაპზე დაბეჯითებით რამის თქმა რთულია, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის პროგნოზი, რომელიც ინფლაციასთან მიმართებით გვაქვს, სხვა თანაბარ პირობებში, შესაძლებელი იქნება, რომ შესრულდეს“, - აღნიშნა გვენეტაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკი მთავრობასთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს და იქნება შეხვედრები საბანკო ასოციაციასთან, თუ რისი გაკეთება შეიძლება, იგივე ტურიზმის მიმართულებით დანაკარგების შესამცირებლად.
„საბანკო სისტემა კარგად ხვდება ამ გამოწვევას. ფინანსური სტაბილურობა გვეხმარება, რომ გადავიტანოთ ასეთი შოკები. მე მოვუწოდე კომერციულ ბანკებს, რომ სადაც შესაძლებელია იმუშაონ თავის კლიენტებთან, რომ მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია. ამ გამოწვევის დროს მთავარია ქვეყანამ შოკის გასანეიტრალებლად სწორი ნაბიჯები გადადგას“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.