„სემეკის” ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად ტარდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების წინააღმდეგ მიმართული სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად ტარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სემეკიდან“ აცნობეს.

მათი ცნობით, „სემეკში“ დამონტაჟებულია ხელის სადეზინფექციო ხსნარების დისპანსერები და დეზო ბარიერი, ყოველდღიურად მიმდინარეობს შენობის სრული დეზინფექცია.

„ამასთანავე, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე სემეკი მოქალაქეებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს ადგილზე ვიზიტის გარეშე შეუძლიათ გააგზავნონ კომისიაში განცხადება/საჩივარი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მოქალაქეებს კომისიასთან დაკავშირება შეუძლიათ ქოლ-ცენტრის ნომერზე - 16 216, რომელზეც ზარის განხორციელება უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან. გარდა ამისა, როგორც კონსულტაციების გავლა, ასევე კომისიაში განცხადება/საჩივრის გაგზავნა შესაძლებელია სემეკის Facebook გვერდის საშუალებით (www.Facebook.com/gnerc).

რაც შეეხება მოქალაქეებს, რომელთა საჩივრებიც განიხილება საჯარო სხდომაზე, მათი კომისიაში გამოცხადება რეკომენდირებულია სამედიცინო ნიღბის გამოყენებით. აქვე, კომისია მიმართავს თხოვნით მოქალაქეებს, პირადი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის რაციონალური ღონისძიებების გაძლიერების ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნით, თავი შეიკავონ კომისიის საჯარო სხდომაზე დასწრებისგან. კანონმდებლობით დადგენილი წესით კომისია უფლებამოსილია საკითხი განიხილოს დაინტერესებულ პირთა სხდომაზე დასწრების გარეშე.

საჯარო სხდომებზე განხილული სხვადასხვა საკითხის შესახებ კომისია ინტენსიურ რეჟიმში მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციებს როგორც კომისიის ვებ გვერდისა (www.gnerc.org) და სოციალური ქსელის, ასევე მედიის საშუალებითაც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.