ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია - მისი ქონება კი მცირდება

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია.

„ბიზნესპრესნიუსმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოითხოვა იმ ტოპ-10 საწარმოს ჩამონათვალი, სადაც 2019 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ათეულში არის მათ შორის, შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია. ფონდი „ქართუს“ მისამართზე მდებარეობს. ამასთან, მისი 100%-იანი წილი პანამაში რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოება - FRANKSTON INTERNATIONAL S.A-ს ეკუთვნის, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ივანიშვილის საკუთრებაშია.

მისი ქონება კი მცირდება. „ბლუმბერგის“ მილიარდერების რეიტინგში საქართველოდან მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილი ხვდება. მისი ქონება ბოლო 3 დღის განმავლობაში 50 მლნ დოლარით შემცირდა. კერძოდ, 9 მარტის მონაცემებით, მისი ქონება 5.30 მლრდ დოლარად იყო შეფასებული, 11 მარტის მდგომარეობით კი - 5.25 მლრდ დოლარია. რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 331-ე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წელს 1 267.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.2 პროცენტით მეტია 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2019 წლის წინასწარი მონაცემებით, 48.7 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 19.5 პროცენტით, მეორეზე - თურქეთი 18.7 პროცენტით, ხოლო მესამეზე - ირლანდია 10.5 პროცენტით. სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) კი 2019 წელს 48.4 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 261.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 20.6 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 193.9 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი, 157.5 მლნ აშშ დოლარით.

თაია არდოტელი