CNN-მა იმ ევროპული ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომელზეც აშშ-მა შეზღუდვები დააწესა. გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვები შენგენის ზონის შემდეგ ქვეყნებს ეხება: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ლატვია, იტალია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.
ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიასთან განმარტებები გააკეთა და განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკის კეთილდღეობაა.
„ჩვენ ვირუსთან ბრძოლის კრიტიკულ პერიოდში ვართ. ჩვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ჩინეთთან მიმართებაში. ახლა ჩვენ ასე უნდა მოვიქცეთ ევროპასთან. ამას არ გადავდებთ. არადროს შევყოვნდები მივიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები, რომ ამერიკელების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დავიცვა. ჩემთვის უპირველესი ამერიკის კეთილდღეობაა“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, ამერიკა ამ ბრძოლიდან უფრო ერთიანი და ძლიერი გამოვა.
„თანაგრძნობითა და სიყვარულით ჩვენ დავეხმარებით მათ, ვინც ავად არის, მოვუვლით, ვისაც ეს სჭირდება, ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს დავეხმარებით და ამ ბრძოლიდან უფრო ძლიერი და ერთიანი გამოვალთ, ვიდრე ოდესმე“, -განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპიდან აშშ-ის მიმართულებით ავიარეისებზე შეზღუდვები დააწესა. პრეზიდენტის თქმით, 30 დღის განმავლობაში ევროპელ მგზავრებს აშშ-ში შესვლის უფლებას არ მისცემენ. აღნიშნული ცვლილება პარასკევს შევა ძალაში.