„თუ იტალიაში მოქალაქეების შესაბამისი რაოდენობა იქნება, მთავრობა მათ დაბრუნებაზე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს"

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ იტალიაში მოქალაქეების შესაბამისი რაოდენობა იქნება, მთავრობა მათ დაბრუნებაზე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ყველა მათგანს, საჭიროების შემთხვევაში დახმარებას იტალიაში საქართველოს საელჩო ადგილზე გაუწევს.

ასევე, მინისტრი განმარტავს, რომ თუ იტალიაში საქართველოს მოქალაქეთა კონკრეტული რაოდენობა შეგროვდება, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი ექნებათ, მთავრობა მათი ჩამოყვანის გადაწყვეტილებასაც მიიღებს.

„თუმცა, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განხილულა. ჩვენს საელჩოს აქვს მუდმივი კომუნიკაცია ყველა იმ ქართველ მოქალაქესთან, რომელიც იტალიაში იმყოფება. ის პაციენტი, რომელიც უკვე გამოწერილია, დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება, ანუ კარანტინში და იტალიელი ექიმები კვლავ აგრძელებენ მასზე მონიტორინგს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მისი მდგომარეობა სტაბილურია, შესაბამისად, მისთვის მგზავრობა მეტად უფრო რისკის შემცველია, ვიდრე ადგილზე დატოვება.

რაც შეეხება სხვა მგზავრებს, ჩვენი საელჩო მათაც დაეხმარებათ ადგილზე. თუ ამ პაციენტების და მოქალაქეების რაოდენობა იქნება შესაბამისი, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა ისევე, როგორც ყველა დანაჩენ მოქალაქეზე, იზრუნებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ამაზე ჯერ არ გვიმსჯელია“, - განაცხადა ტიკარაძემ.