ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აღრიცხულია ყველა პირი, ვისაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტი ჰქონდა.
როგორც ტიკარაძე განმარტავს, მათზე მონიტორინგი მიმდინარეობს.
„აღრიცხულია ყველა ის ადამიანი, ვინც დადგენილ პაციენტებთან იმყოფებოდნენ. მათზე მონიტორინგი მიმდინარეობს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთან დაფიქსირდება პაციენტი, რომლის წყაროც არ იქნება იდენტიფიცირებული, ეს, რა თქმა უნდა, უკვე გახდის საეჭვოს და შეიტანს რისკს იმაში, რომ ინფექცია კონტროლის გარეშე ვრცელდება და ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ“, - აცხადებს ტიკარაძე.
მინისტრის განმარტებით, შესაბამისი სტრუქტურები ცდილობენ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ღონისძიებები უფრო მეტად გაამკაცრონ.
„ჩვენ ვახორციელებთ მონიტორინგს. ყოველდღიურად მთავრობაზე განიხლება ის ხარვეზები, რომელიც მუშაობის პერიოდში გამოიკვეთება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო ამ შემთხვევაში არის, როგორც რეკომენდატორი, დანარჩენ უწყებებს ევალებათ შესაბამისი ხარისხით და სტანდარტით შეასრულონ ის რეკომენდაციები, რომელსაც გავცემთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით“, - აცხადებს ტიკარაძე.