„ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის განვითარებაზე 1.5 მლრდ ლარი დაიხარჯა - უცხოური ინვესტორებისთვის მიმზიდველი არ არის“

„ბოლო 15 წელიწადში სოფლის მეურნეობის განსავითარებლად არაერთი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა, თუმცა, როგორც მონაცემები აჩვენებს, ეს პროგრამები ძირითადად სოციალური შინაარსის უფრო იყო, ვიდრე ამ დარგის ეკონომიკური ეფექტიანობის გაზრდაზე გათვლილი“. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პუბლიკაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 2013-2019 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის განვითარებაზე 1.5 მლრდ ლარი დაიხარჯა. ამავე პერიოდში სოფლის მეურნეობის საშუალო ზრდის ტემპი 1.5% იყო და 3-ჯერ ჩამორჩებოდა ეკონომიკის საშუალო ზრდის მაჩვენებელს.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციაზე, სურსათის უვნებლობის და მცენარეთა დაცვის პროგრამაზე და შეღავათიან აგროკრედიტებზე იხარჯება.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის აქტუალობას ისიც განაპირობებს, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და მისი გადამუშავებით მიღებული საკვები პროდუქტები და სასმელები ქვეყნის მთავარი საექსპორტო საქონელია.

„2012 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ტენდენცია დღემდე ნარჩუნდება. აქედან გამომდინარე, საინტერსოა, ვნახოთ, რა გავლენა იქონია გაზრდილმა სახელმწიფო დაფინანსებამ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.

კვლევის ძირითადი საანგარიშო პერიოდი 2012-2018 წლებია, თუმცა ზოგ შემთხვევაში მიმოხილული გვაქვს უფრო ადრეული წლებიც და 2019 წლის პირველი ნახევარი. ანგარიშში მოყვანილი მონაცემები მოწოდებულია საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ,“-ვკითხულობთ ანგარიშში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში 2012-2019 წლებში არსებული ტენდენციები შეისწავლა, რის შედეგადაც მათ შორის შემდეგი მიგნებები გამოვლინდა:

საქართველოს სოფლის მეურნეობა უცხოური ინვესტორებისთვის მიმზიდველი არ არის. ამასთან ერთად, ინვესტიციების შემოსვლას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გაყიდვის აკრძალვაც უშლის ხელს.

2013-2019 წლებში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.5 მლრდ ლარი დაიხარჯა. ამავე პერიოდში სოფლის მეურნეობის საშუალო ზრდის ტემპი 1.5% იყო, რაც ეკონომიკის საშუალო ზრდის მაჩვენებელზე სამჯერ ნაკლებია.

ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილს შემცირების ტენდენცია აქვს. 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 7.8% შეადგინა.

თაია არდოტელი