13 მარტიდან ეკონომიკის სამინისტრო დისტანციური შრომის რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, მინისტრსა და მის მოადგილეებს აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხებათ. ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადაწყვეტილებით, 13 მარტიდან სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები დისტანციური შრომის რეჟიმზე გადადიან, რაც განპირობებულია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.
დისტანციური შრომის რეჟიმში გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში გაშვებას, ამდენად აღნიშნული გადაწყვეტილება შრომის ეფექტიანობას არ შეამცირებს. აღსანიშნავია, რომ საჭიროების შემთხვევაში, დისტანციური შრომის რეჟიმში გადასული თანამშრომელი სამსახურში მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ, 1 საათის განმავლობაში უნდა გამოცხადდეს.
სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებმა, კორონავირუსის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით, სამინისტროს ხელმძღვანელობის მითითებით, შეძლებისდაგვარად უნდა გადადონ ან გააუქმონ ყველა შეხვედრა, სტუმრების ვიზიტები თუ სხვა სახის ღონისძიებები.
დისტანციური შრომის რეჟიმში გადასვლის გადაწყვეტილება შეეხება ყველას, გარდა იმ თანამშრომლებისა, რომელთა დისტანციური შრომის რეჟიმში გადასვლა სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას ზიანს მიაყენებს. ამ გამონაკლისის შესახებ მათ ინდივიდუალურად ეცნობებათ.
მინისტრსა და მის მოადგილეებს აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხებათ. ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.
დისტანციური შრომის რეჟიმში გადასვლის გადაწყვეტილება ძალაშია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ სხვა გადაწყვეტილების მიღებამდე“,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.