საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, როდესაც მსოფლიოში შოკია, ლარის კურსზე საუბარი სწორი არ იქნება.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, სიტუაციის დასტაბილურებამდე ლარის კურსს დააკვირდებიან, რა წონასწორულ ნიშნულს მიაღწევს.
„ლარზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ფაქტია, რომ შოკია მსოფლიოში და ჩვეულებრივი რეაქციაა. იცით რა ხდებოდა რუსეთში, იცით რა ხდება ზოგადად მსოფლიოში, ამიტომ დღეების მიხედვით ლარის კურსზე საუბარი არ იქნება სწორი. ცოტა უნდა დასტაბილურდეს სიტუაცია როგორც მსოფლიოში, ასევე ჩვენთან. შევხედავთ რა წონასწორულ ნიშნულს მიაღწევს, ამიტომ ამაზე საუბარი არავისგან იქნება სწორი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს გეგმა, როგორ უნდა დაეხმარონ ეკონომიკას, თუმცა ეს გეგმები ჯერ დამტკიცებული არ არის.
„ასევე ვითვალისწინებთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, როგორ რეაგირებენ ამაზე. ჩვენც გვაქვს ჩვენი ხედვები, ეროვნულ ბანკსაც აქვს ხედვები მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ასევე არის სექტორთან დაკავშირებული ხედვები, რა შეიძლება გაკეთდეს მათთვის, ვინც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ზარალდება. მაგრამ ყველაფერს რა გადაწყვეტს იცით? - რა ხანგრძლივობის და სიმძიმის იქნება ეს პანდემია თითოეულ ქვეყანას და გლობალურად. ეს არის გადამწყვეტი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.