ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება. საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის თხოვნით, ფონდს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა მიმართა. პროექტი ითვალისწინებს ტობავარჩხილის ტბამდე ამორტიზებული საავტომობილო გზის მოწესრიგებას. მისი სიგრძე დაახლოებით 10 კმ-ია, სავალი ნაწილის სიგანე კი - 6.5 მეტრი. პროექტის მიხედვით, იგეგმება გრუნტის საფარისა და ლითონის თვალამრიდების მოწყობა.
ამასთან ერთად, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ზურმუხტის ქსელის - სამეგრელო 2-ის ტერიტორიაზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ზემოქმედების შესაბამისობის შეფასების დოკუმენტს შეისყიდის.
სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, 13 მლნ ლარამდეა. აქედან, წელს, საორიენტაციოდ, 4 მლნ ლარის სამუშაო შესრულდება. პროექტი, რომელიც 14 თვის ვადაში დასრულდება, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.