პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებისთვის სატელეფონო საუბრებზე შეღავათები დაწესდება

პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებთან პაემნები აიკრძალა, თუმცა საკომპენსაციოდ იუსტიციის სამინისტრო მათთვის სატელეფონო საუბრებზე შეღავათებს დააწესებს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კონკრეტულად რა სატელეფონო შეღავათები იქნება, ამის შესახებ ჯერ პატიმრებთან ექნებათ კომუნიკაცია და შემდეგ საჯაროდ გამოაცხადებენ.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, აკრძალვები შესაძლოა, კიდევ დაწესდეს და ეს კორონავირუსის გავრცელების ტენდენციაზე იქნება დამოკიდებული.

„მინდა ვისაუბრო ასევე იმ საგანგებო პირობებზე, რომელზეც რამდენიმე დღეა ჩვენ გადასული ვართ პენიტენციურ სისტემაში. როგორც იცით, პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა ორკვირიანი სპეციალური პირობების მდგომარეობა გამოაცხადა პენიტენციურ სამსახურში იუსტიციის მინისტრის თანხმობით. ამ პერიოდის რამდენიმე დღე კიდევ არის დარჩენილი და ამ პერიოდში ჩვენ ავკრძალეთ პაემნები.

მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ პატიმარს, პატიმრის ოჯახის წევრს, ვინც გაგებით მოეკიდა ამას. ჩვენ რა ზომებსაც მივიღებთ, მივიღებთ პირველ რიგში იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები იმისგან, რომ ისინი არ შფოთავდნენ.

რა თქმა უნდა, პაემნების აკრძალვა არ არის მარტივი ტვირთი პატიმრისთვის. ჩვენ რამდენიმე დღეა ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამ ნაკლის კომპენსირება მოხდეს სატელეფონო შეღავათებით. თუ რა სატელეფონო შეღავათები იქნება, ამაზე პირველ რიგში ჯერ პატიმრებთან გვექნება კომუნიკაცია და საჯაროდაც გამოვაცხადებთ. ეს იქნება ის შეღავათები, რომ არავითარ შემთხვევაში ამან არ გამოიწვიოს პატიმრისთვის რაიმე ტიპის ფინანსური ტვირთი“, - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი ასევე გამოეხმაურა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების საკითხს და აღნიშნა, რომ მისი გარდაცვალება კორონავირუსს არ უკავშირდება.

„ჩვენ გვყავდა მრავალი კვირის მანძილზე მძიმე დაავადებით პატიმარი, არაერთი ქრონიკული დაავადებით, რომელიც მართლაც გარდაიცვალა, მაგრამ არავითარი კავშირი არ აქვს იმ ვირუსთან, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ. მინდა ოჯახს მივუსამძიმრო“, - განაცხადა წულუკიანმა.