ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.
„გზის მოწესრიგების თხოვნით ფონდს ტყიბულის მუნიციპალიტეტმა მიმართა. პროექტი ითვალისწინებს ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი 3,6 კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაციას. იგეგმება - ორფენიანი ასფალტის საფარის და გარე განათების მოწყობა, საავტომობილო გზის გასწვრივ ლითონის მილების ჩალაგება, რკინა-ბეტონის კიუვეტებისა და კედლების მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, 3 მლნ ლარია“,-ნათქვამია ინფორმაციაში.
პროექტი დაახლოებით 14 თვის ვადაში დასრულდება, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მომლოცველებისა და ტურისტებისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.