მარნეულში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება

მარნეულში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.

ფონდს შესაბამისი თხოვნით მარნეულის მუნიციპალიტეტმა მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უკვე მომზადებულია.

„პროექტი ითვალისწინებს მაღალი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნის და 1500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების მოწყობას, რომელიც აკმაყოფილებს ფიფას მეორე კატეგორიის სტადიონის მოთხოვნებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აშენდება ორსართულიანი შენობა. პირველ სართულზე განთავსდება გასახდელები, მეორე სართულზე კი - სასწავლო ოთახი და სტადიონის ადმინისტრაციის საოფისე ფართი.

პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა ავტოსადგომები, მოედნის და პარკირების განათება, განახლდება გახმოვანების, სახანძრო და სადრენაჟო სისტემები, სტადიონი ადაპტირებული იქნება შშმ პირების საჭიროებებზე. სამუშაოების ღირებულება, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, 7,5 მლნ ლარია”, - აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.