დისტანციური მუშაობის რეჟიმზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროც გადადის

13 მარტიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის.

ამასთან, როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მინისტრსა და მის მოადგილეებს აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხებათ და ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

„დისტანციური შრომის რეჟიმში გადასვლის გადაწყვეტილება შეეხება ყველას, გარდა იმ თანამშრომლებისა, რომელთა დისტანციური შრომის რეჟიმში გადასვლა სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას ზიანს მიაყენებს“, - განმარტავენ სამინისტროში.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომაზე სახელმწიფო უწყებებსა და კერძო ორგანიზაციებს რეკომენდაციით მიმართა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლებლობების ფარგლებში, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ 13 მარტიდან უწყება დისტანციური შრომის რეჟიმზე გადადის.