„ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ მარტში ექსპორტი გაგვიუარესდება“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პალიტრანიუსის გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„დღესდღეობით ჩვენ ვართ გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრირებული ქვეყანა და შესაბამისად, დიდად ვართ დამოკიდებულები იმ პროცესებზე, რაც ხდება საგარეო ბაზრებზე. აქედან გამომდინარე, კორონავირუსის გამო იქნება ნეგატიური ზემოქმედება, რადგან მოსალოდნელია რომ მთლიანად მსოფლიოში მოთხოვნა შემცირდება. ამასთანავე, შემცირდება სავაჭრო აქტივობა და ალბათ, უკვე მარტში უნდა ველოდოთ, რომ ექსპორტის მაჩვენებლები გაგვიუარესდება.
ტურიზმის სტატისტიკა თავისთავად უკვე ნეგატიურია, რადგან ეს იყო ჩვენი შეგნებული გადაწყვეტილება გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავიცვათ მოსახლეობა ამ ვირუსისგან და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ჩვენი მინუსი და დანაკარგი“, - აცხადებს ნათია თურნავა.
ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების გამო, ეკონომიკურ გუნდს დაავალა, დღის ბოლომდე ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმა წარმოადგინონ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეფექტიანად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რაც კორონავირუსის გავრცელებით შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკას მიადგეს.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე