„მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისკენ მიდის, რაც საბოლოოდ უფრო მეტ ადამიანს შეიწირავს, ვიდრე ვირუსი“

მსოფლიო ეკონომოკური კრიზისისკენ მიდის, რაც საბოლოოდ უფრო მეტ ადამიანს შეიწირავს, ვიდრე ვირუსი. ამის შესახებ ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მსოფლიო ეკონომოკური კრიზისისკენ მიდის, რაც საბოლოოდ უფრო მეტ ადამიანს შეიწირავს, ვიდრე ვირუსი.

უკვე შემცირდა ტურიზმი, გადაზიდვები და მომსახურების სხვადასხვა სფეროები. თუმცა, კომპანიების აქციებზე ფასის დაგდება (რაც კრიზისს უწყობს ხელს) ყველაზე მეტად ნავთობის გაიაფებამ განაპირობა.

აქ არის საინტერესო მომენტი: ფასი არამარტო ვირუსის გავლენით გლობალური მოთხოვნის შემცირების გამო დავარდა, რუსეთმა ჩათვალა, რომ ეხლა კარგი დროა გავლენების ზრდისთვის და ნავთობის მოპოვების შემცირების ნაცვლად გაზრდა გადაწყვიტა.

ამით განაწყენებულმა საუდის არაბეთმა რუსეთს ფასების ომი გამოუცხადა და აპრილიდან ნავთობის დღიური მოპოვების 2.5 მლნ ბარელით ზრდა დააანონსა, ცალკე ემირატებმა დააანონსეს დღეში 1 მლნ ბარელით მეტი. რუსეთი აპირებ 0.5 მლნ ბარელით გაზარდოს. ჯამში 4 მლნ-მდე გამოდის. ეს იმ ფონზე, როცა ვირუსის გამო ნავთობზე მოთხოვნა იკლებს და ფასების სტაბილურობისთვის მიწოდება უნდა შეემცირებინათ.

მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთს ნავთობის მოპოვება უფრო იაფი უჯდება, ვიდრე რუსეთს, მეტად არიან დამოკიდებული ნავთობიდან შემოსავალზე (ბიუჯეტის 65%), ვიდრე რუსეთი (ბიუჯეტის 37%).

ჯერჯერობით რუსეთის ქცევის მთავარი ახსნა არის აშშ-ის ფიქლის ნავთობის ინდუსტრიის ჩაძირვა და სანქციებამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნება, როცა მსოფლიოში ყველაზე მეტ ნავთობს მოიპოვებდა. ფიქლის ნავთობის მოპოვება ძვირი ჯდება, ამიტომ დღევანდელი ფასებით ზოგი ამერიკული კომპანია გაკოტრებისთვის ან მოპოვების მკვეთრად შემცირებისთვის არის განწირული. თავის მხრივ, ამ კომპანიებზე დამოკიდებულია ბანკები და სხვა სექტორებიც.

საუდის არაბეთი თითქოს რუსეთს ეომება ფასებით, მაგრამ თან კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აგდებს ამერიკულ კომპანიებს.

არ ვარ საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალისტი და ვერ დავდებ თავს, არაბებს სინამდვილეში რა ამოძრავებთ, მაგრამ დაპირისპირებას ჯერჯერობით მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისკენ მიყავს. საბაზრო ფასი და რაოდენობა სიტუაციას თავისით დაალაგებდა, პუტინის და საუდის არაბეთის დადგენილი ფასი და რაოდენობა კი საკუთარი ქვეყნის მოსახლეობასაც აზარალებს, უფრო “დიადი“ მიზნებისთვის ბრძოლაში.

ჩვენმა “კეთილმა“ მეზობელმა დრო იხელთა და ჩათვალა ეხლა რუსეთის ეკონომიკა უფრო მზადაა კრიზისის გადასატანად, ვიდრე ამერიკის და OPEC-ის ქვეყნების,“- წერს ნამჩავაძე.

თაია არდოტელი