ვფიქრობ, გამოვკვეთავთ ყველა იმ სფეროს, სადაც შეიძლება ბიზნესებმა ზარალი განიცადოს, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის მიერ ეკონომიკური გუნდისთვის მიცემულ დავალებას ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმის წარდგენაზე. კაკულიას თქმით, ყველა ტიპის მხარდაჭერის ზომები იქნება განხილული.
„მემგონი ყველასთვის გასაგებია, რომ დღეს ეკონომიკა კორონავირუსის გამო გარკვეული წნეხის ქვეშ არის, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ამიტომ პრემიერის მხრიდან ეკონომიკურ გუნდს დავალებული აქვს დღის ბოლომდე შეიმუშაოს ყოველმხრივი ღონისძიებები. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროზე. გაცილებით ფართო ჩართულობა იქნება, რათა მოხდეს ეკონომიკასთან დაკავშირებული პრობლემების წინასწარი გაანალიზება, რამდენადაც ეს შესაძლებელია და ასევე, დაიგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები. თავდაპირველად კონცენტრირებული ვიყავით ტურიზმზე, თუმცა ახლა ვფიქრობ, გამოვკვეთავთ ყველა იმ სფეროს, სადაც შეიძლება ბიზნესებმა ზარალი განიცადოს. ყველა ტიპის მხარდაჭერის ზომები იქნება განხილული. თავს შევიკავებ წინასწარ დავასახელო ეს ღონისძიებები," - განაცხადა კაკულიამ.
ის ასევე გამოეხმაურა ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ფა აღნიშნა, რომ ყველა ის ფაქტორი რისკის ქვეშაა, რომელიც მასზე მოქმედებს.
„რაც შეეხება ლარის კურსს, ყველა ის ფაქტორი, რომელიც მასზე მოქმედებს, არის რისკის ქვეშ. ეს შეეხება სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხვებს, ექსპორტს, ტურიზმს. ასეთ დროს, როცა წინ გაურკვეველი მომავალია, მოლოდინები ყოველთვის ზემოქმედებს ლარის კურსზე,"- აღნიშნა კაკულიამ.