შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თუთუნი გამოავლინეს

11 მარტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს მიერ, თბილისის ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის 8 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯამში, აღმოჩენილია 19,16 კილოგრამი და 580 ღერი უაქციზო თუთუნი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი.

„აღნიშნული საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა“,-ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.