საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს მოუწოდებს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ პროკურატურის დანაყოფებში მისვლისგან.
„მოქალაქეებს შეუძლიათ განცხადებები და მათთვის საინტერესო საკითხები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოგზავნონ მისამართზე kancelaria@pog.gov.ge, ხოლო თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა იქნება, განცხადებები დატოვონ პროკურატურის შენობებში სპეციალურად განთავსებულ ყუთებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლებს მოუწოდა შეასრულონ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები. როგორც ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, პროკურატურის შენობებში დეზინფექცია უკვე ჩატარდა, რაც მომავალში გაგრძელდება.
მისი თქმით, პროკურატურის თანამშრომლებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, მიეცემათ დისტანციურად მუშაობის საშუალება, ხოლო მაღალი რისკის მქონე თანამშრომლები გადავლენ თვითიზოლაციაში.