დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია.
როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული პაციენტი ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება და მეთვალყურეობის ქვეშაა.
„ბოლო მონაცემებით გვაქვს 25 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, რომელთაგან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობის ისტორიას, 1 ესპანეთში, დანარჩენი ყველა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.
ჩვენთან სულ, 30 იანვრიდან 577 შესაძლო შემთხვევის ნიმუში იქნა გატესტილი ლუგარის ლაბორატორიაში და 25 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. დღეს დილიდან გვქონდა 24 ნიმუში, ზოგიერთი ნიმუში, მოგეხსენებათ განმეორებით შემოდის. მიმდინარეობს კვლევები და დღეს დადასტურებულია მხოლოდ ერთი დადებითი შემთხვევა.
პაციენტი წევს ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში. მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არის მეთავლყურეობისა და მკურნალობის ქვეშ ჩვენი ინფექციონისტების“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 25-ე შემთხვევა დადასტურდა. ბოლო ახალი შემთხვევა იტალიას უკავშირდება.