"გვექნება ახალი შემთხვევები, მაგრამ ყველას მოვალეობაა, რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ ამის ალბათობა და გავაკეთოთ ის, რასაც მოგიწოდებთ"

გვექნება ახალი შემთხვევები, მაგრამ ყველას მოვალეობაა, რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ ამის ალბათობა და გავაკეთოთ ის, რასაც მოგიწოდებთ , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძე თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში ექიმთან დარეკონ და პირადად მიმართვისგან თავი შეიკავონ.

„ხშირად მეკითხებიან, გვექნება ახალი შემთხვევები საქართველოში? კი, ბატონო, გვექნება, მაგრამ ყველას მოვალეობაა, რომ რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ ალბათობა ამ ახალი შემთხვევების და ამისთვის უნდა გავაკეთოთ ის, რასაც მოგიწოდებთ. არ იმოგზაუროთ და თუ ვიმოგზაურებთ, რომ ჩამოვდივართ იმ 8 ქვეყნიდან, აუცილებელია, ვიყოთ კარანტინში ან თვითიზოლაციაში თუ ვართ თვითიზოლაციაში დავიცვათ წესები. მინდა მივმართო ყველა ამ ადამიანს, დღეს ქვეყანაში დაახლოებით 1000-მდე ადამიანია თვითიზოლაციის რეჟიმში, მინდა ვთხოვო მათ, ნუ დაარღვევენ ამ რეჟიმს და თუ თვითიზოლაციის პერიოდში იქნა გარკვეული სიმპტომები, მიმართონ, დაურეკონ ექიმს. დღეს ვთხოვთ მათ, რომ დაურეკონ, რადგან რაც შეიძლება ნაკლები იყოს პირდაპირი მიმართვები. სთხოვონ ექიმს, რომ დაუნიშნონ ვიზიტი და ზუსტად დათქმულ დროზე მივიდეს, რადგან თავი ავარიდოთ დიდ რიგებს და თავყრილობებს.

არ გვინდა დიდი ქორწილები, როგორც ვიცით ქართველებმა, ასევე ღმერთმა გვაშოროს სხვა დიდი თავყრილობები, თავი შევიკავოთ, რადგან ყველა ამ თავყრილობის დროს არის რისკი ვირუსის გადაცემისა და გავრცელების“,- განაცხადა გამყრელიძემ.