დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის თვითიზოლაციაში დაახლოებით 1000 -მდე ადამიანია.
ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მოუწოდებს, არ დაარღვიონ რეჟიმი და გარკვეული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ექიმს მიმართონ.
„არ იმოგზაუროთ და თუ ვიმოგზაურებთ, რომ ჩამოვდივართ იმ 8 ქვეყნიდან, აუცილებელია, ვიყოთ კარანტინში ან თვითიზოლაციაში თუ ვართ თვითიზოლაციაში დავიცვათ წესები. მინდა მივმართო ყველა ამ ადამიანს, დღეს ქვეყანაში დაახლოებით 1000-მდე ადამიანია თვითიზოლაციის რეჟიმში, მინდა ვთხოვო მათ, ნუ დაარღვევენ ამ რეჟიმს და თუ თვითიზოლაციის პერიოდში იქნა გარკვეული სიმპტომები, მიმართონ, დაურეკონ ექიმს. დღეს ვთხოვთ მათ, რომ დაურეკონ, რადგან რაც შეიძლება ნაკლები იყოს პირდაპირი მიმართვები. სთხოვონ ექიმს, რომ დაუნიშნონ ვიზიტი და ზუსტად დათქმულ დროზე მივიდეს, რადგან თავი ავარიდოთ დიდ რიგებს და თავყრილობებს.
არ გვინდა დიდი ქორწილები, როგორც ვიცით ქართველებმა, ასევე ღმერთმა გვაშოროს სხვა დიდი თავყრილობები, თავი შევიკავოთ, რადგან ყველა ამ თავყრილობის დროს არის რისკი ვირუსის გადაცემისა და გავრცელების“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული 25 შემთხვევა ფიქსირდება.
ერთი ახალი შემთხვევა დღეს დადასტურდა. პაციენტი ინფექციურ კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფიცირების 25-ე შემთხვევა იტალიასთან არის დაკავშირებული.