საუდის არაბეთი აწარმოებს რუსული Urals-ის მარკის ნავთობის მსხვილ ევროპულ შემსყიდველებთან მოლაპარაკებებს და მათ საკუთარ ნავთობს უფრო იაფად სთავაზობს. ამის შესახებ სააგენტო Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
შედეგად კი Saudi Aramco გეგმავს ევროპის ბაზარს მიაწოდოს 1,5 მილიონი ბარელი ნავთობი დღეღამეში - ირწმუნება წყარო. მისი მტკიცებით, ბოლო კვირის განმავლობაში საუდის არაბეთმა უკვე აწარმოა მოლაპარაკებები ისეთ კომპანიებთან როგორებიცაა Total, SOCAR, Neste Oil, Preem, Phillips 66 და Litasco. სააგენტოს ცნობით, Total-ს სურს შეიძინოს 600-700 ათასი ბარელი ნავთობი, აზერბაიჯანულ SOCAR-ს კი 3 მილიონის.
გარდა ამისა, როგორც სააგენტო წერს, საუდის არაბეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-სთან, რათა მას მიაწოდოს 12 მილიონი ბარელი ნავთობი. ამ მიზნით საუდის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ უკვე გაავსო 19 სუპერტანკერი.
ასევე განიხილება ნავთობის მიწოდება აზიაში.
არაბულ ნავთობით დაინტერესებულია ბელორუსიც, რომელსაც ნავთობის იაფად შეძენა სურს.
მანამდე კი Bloomberg წერდა, რომ საუდის არაბეთი აპირებდა სამჯერ გაეზარდა ნავთობის მიწოდება ევროპისთვის ბარელზე 25 დოლარად.
ცნობისათვის, თბილისის დროით 8:17 წუთისთვის ბრიტანული Brent მარკის ნავთობის ფასი 33.22 დოლარია, ხოლო ამერიკული მსუბუქი WTI მარკის ნავთობის ფასი 31.17 დოლარი.