„მაგთიმ“ შესაძლოა, პაკეტი ვერ გააძვიროს - კომუნიკაციების კომისია საკითხს სწავლობს

კომუნიკაციების კომისია შეისწავლის კომპანია „მაგთიკომის“ მიერ 25-ლარიანი პაკეტის 30-ლარიანი პაკეტით ჩანაცვლება არის თუ არა გაძვირება და რამდენად აქვს კომპანიას არსებული პაკეტის გაუქმების უფლება - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საკითხის შესწავლის დასრულებამდე კომისია აბონენტებს აწვდის შუალედურ ინფორმაციას. ბექაურმა ისიც განაცხადა, რომ წინასწარი შეფასებით, საქმე გაძვირებასთან გვაქვს.

„კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნული საკითხის მოკვლევა და ანალიზი უკვე დაიწყო. ჩვენ ვართ შესწავლის პროცესში, 25 ლარიანი პაკეტის 30 ლარიანით ჩანაცვლება არის, თუ არა გაძვირება და რეალურად აქვს თუ არა ამის უფლება კომპანია “მაგთიკომს“. ჩვენი წინასწარი შეფასებით იკვეთება, რომ არსებული პაკეტის ჩანაცვლებით, ადგილი აქვს ტარიფის გაძვირებას, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებას და შეფასებას კომისია საკითხის სრული შესწავლის შემდეგ გააკეთებს.

მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს, როგორიც „მაგთიკომია“, აქვს ვალდებულებათა ჯაჭვი, იმის შესახებ, რომ რომელიმე კონკრეტული მომსახურების პაკეტის გაუქმების შემთხვევაში, კომპანიამ მომხმარებელს ალტერნატიული მომსახურება შესთავაზოს. ჩვენ ვხედავთ, რომ 25 ლარიანი პაკეტის გაუქმების შემთხვევაში, ბაზარზე „მაგთიკომის“ მხრიდან ალტერნატიული პროდუქტი, რომელიც აღნიშნული მომსახურების მსგავსი იქნება, შეთავაზებული არ არის. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორი მსგავს ცვლილებას დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისია კვლევის და ანალიზის შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას „მაგთიკომისთვის“ ვალდებულებების დაკისრების შესახებ,“ - განაცხადა ბექაურმა.

კომისიის თავმჯდომარემ გაიხსენა, რომ 25 ლარიანი პაკეტის გაძვირების მცდელობა კომპანიას გასულ წელსაც ჰქონდა, თუმცა, მაშინ კომისიამ „მაგთიკომს“ აღნიშნული გადაწყვეტილება გაუუქმა და დაავალდებულა, რომ 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტი ძალაში დაეტოვებინა.

ბექაურის განცხადებით, კომუნიკაციების კომისია საკითხს ახლაც დეტალურად შეისწავლის და კანონის სრული დაცვით კვლავ მომხმარებლების ინტერესებს დაიცავს.

თაია არდოტელი