რისი გათვალისწინება მოუწევთ დისტანციურ რეჟიმში მომუშავე მოქალაქეებს? - მთავრობამ განკარგულება გამოსცა

საქართველოს მთავრობამ ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ განკარგულება გამოსცა.

დოკუმენტში მათ შორის, საუბარია და განსაზღვრულია თუ რას ნიშნავს, ვის შეეხება და როგორ უნდა იმუშაონ მოქალაქეებმა და დაწესებულებებმა დისტანციურ რეჟიმში.

განკარგულების თანახმად, ეპიდემიური საფრთხის შემცირებამდე, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელებმა უნდა განსაზღვრონ თანამშრომელთა ის ნაწილი, რომელიც დროებით გადავა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. ( კერძოდ, ის თანამშრომლები, რომლებიც განსაკუთრებულად არ საჭიროებენ სამუშაო ადგილზე ყოფნას და შეძლებენ დისტანციურად მუშაობას).

„შენიშვნა - დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში ყოფნას. საჭიროების შემთხვევაში დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადასული თანამშრომელი სამსახურში მოთხოვნისთანავე, დაუყონებლივ, (არა უგვიანეს 1 საათისა) უნდა გამოცხადდეს,“-აღნიშნულია განკარგულებაში.

თაია არდოტელი