საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი მინიმუმამდე შემცირდა. როგორც „ბიზნესპესნიუსს“ ავტოდილერებმა განუცხადეს, თუ იანვრამდე დღის განმავლობაში დაახლოებით 4 ავტომობილს ყიდდნენ, ახლა კვირაში ყიდიან მაქსიმუმ 2 ერთეულს. რუსთავის ავტობაზარობის მოვაჭრეები ამბობენ, რომ პრობლემა ჯერ სომხეთში საბაჟო ტარიფების შეცვლიდან დაიწყო, რასაც ახალი კორონავირუსიც დაემატა.
უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში ავტომობილების რეექსპორტი საქართველოში მნიშვნელოვნად იზრდებოდა. ავტომობილების რეექსპორტის მხრივ ზრდა იყო 2020 წლის იანვარშიც. კერძოდ, 2020 წლის იანვარში საქართველოდან 5,047 ერთეული მსუბუქი ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, რაც 11,6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან იანვარში ქვეყნიდან 4 520 მსუბუქი ავტომობილი გავიდა.
თებერვლისა სტატისტიკა მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა არსებული ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე ცხადია, რომ კლება სერიოზული იქნება. სწორედ ამაზე საუბრობენ ავტოდილერებიც.
"საგრძნობლად შემცირებული გვაქვს გაყიდვები. ახალ წლამდე დღეში 3-4 მანქანა გვეყიდებოდა, ახლა კი კვირაში მაქსიმუმ 2 გაგვეყიდოს. ყველა, ვინც მანქანებს ყიდის, ვალებშია გადავარდნილი. იმაზე ნაკლებ ფასადაც კი ყიდიან მანქანებს, ვიდრე თვითონ შემოყვანა დაუჯდათ. მანქანებს ძირითადად სომხეთში ვყიდდით და რაც განბაჟების ტარიფები გაიზარდა, იმის მერე მოთხოვნა შეგვიმცირდა და ფაქტობრივად, აღარ გაგვაქვს გასაყიდად. ამას თან კორონავირუსიც დაემატა და ამის გამო აღარავინ ჩამოდის ქვეყანაში, რომ მანქანა იყიდოს", - აცხადებენ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას რუსთავის ავტობაზრის მოვაჭრეები.
არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ავტოდილერები ხელისუფლებისგან საბაჟო პერიოდის გადავადებას ითხოვენ.
„ახლა გაჩერებულები ვართ, ხომ ხედავთ ბაზარზე თავისუფალი ადგილიც კი არაა, სულ გადავსებულია მანქანებით. ამას თან საბაჟო პერიოდის გასვლაც დაემატება და მერე კიდე ფულის გადახდა მოგვიწევს, რომ ეს მანქანები აქ დავტოვოთ. მთავრობას თუ ჩვენი დახმარება უნდა, საბაჟო პერიოდი უნდა გადაავადოს. 3 თვე გვაქვს საშუალება, რომ განბაჟების გარეშე გვყავდეს მანქანები ქვეყანაში და ადრე ისე სწრაფად იყიდებოდა ავტომობილები, რომ ვჯდებოდით პერიოდში. ახლა კიდე ვეღარსად ვეღარ ვყიდით და ამიტომ აუცილებელია, რომ სახელმწიფო დაგვეხმაროს და გადაგვივადოს საბაჟო პერიოდი, სანამ ეს ვირუსი არ ჩაცხრება“, - ამბობენ დილერები.
ცნობისთვის, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ძირითადად სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში ხორციელდება.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე