"თიბისის“ გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ სესხების შენატანზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის შეთავაზება მომხმარებლებს პროცენტებს არ გაუზრდის.
როგორც ბუცხრიკიძე განმარტავს, "თიბისიმ" საშეღავათო პერიოდის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსიდან გამომდინარე შექმნილი მდგომარეობის გამო მიიღო და ყველა ტიპის სასესხო პროდუქტს, მათ შორის განვადებასაც ეხება.
"გუშინ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელსაც სამი მსხვილი ბანკი, მთავრობა და რეგულატორი ესწრებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ქვეყნისთვის ყველაზე მსხვილი გამოწვევა არის კორონავირუსი, მთავრობასთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფიზიკურ პირებს, მიკრო, მცირე და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, ყველას შევთავაზოთ პროცენტზე და ძირზე 3-თვიან არგადახდა. რა თქმა უნდა, ყველას ვისაც სურვილი ექნება, რომ გააგრძელოს გადახდა, მათ ამის საშუალება ექნებათ. მსესხებლებს კონკრეტულ ინსტრუქციებს ორშაბათიდან მივაწვდით.
რა თქმა უნდა, მომხმარებლებს პროცენტებს არ შევუცვლით. ეს სამთვიანი გადავადება ეხება როგორც პროცენტებს, ასევე ძირ თანხას. მაგალითად, თუ ფიზიკური პირი ყოველ თვე იხდიდა 100 ლარს და სამი თვის განმავლობაში უნდა გადაეხადა 300 ლარი, ვთავაზობთ, რომ სამი თვის განმავლობაში შეუძლია გადაიხადოს სხვადასხვა დისტანციური არხებით და ასევე შეუძლია, რომ თუ გადაწყვეტს, ეს 300 ლარი არ გადაიხადოს და შემდეგ გადავუნაწილოთ მომავალ პერიოდზე", - აღნიშნავს ბუცხრიკიძე.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადამიანების ბანკის ფილიალებში მისვლას შეამცირებს, რაც ვირუსის გავრცელების რისკის შემცირებას შეუწყობს ხელს.