ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად გამკაცრდა ზომები COVID-19 ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ინფორმაციას ენერგოომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამის გამო, რამდენიმე გამანაწილებელი კომპანია (მაგალითად სს „თელასი“, შპს „თბილისი ენერჯი“) გადავიდა დისტანციური მომსახურების რეჟიმზე და ზოგიერთი ტიპის მომსახურება სრულად შეზღუდა.

„პრევენციული ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვანია და ენერგოომბუდსმენის სამსახური მიესალმება ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნით განხორციელებულ ყველა ქმედებას.

ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ სასწავლო დაწესებულებებში პირველ აპრილამდე გაგრძელდა არდადეგები. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი - მოზარდები და ბავშვები იმყოფებიან დახურულ სივრცეებში, სახლებში. გარდა ამისა, საჯარო სექტორისა და კერძო კომპანიების არასრული ნაწილი გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, საცხოვრებელი სახლებიდან. ამ პირობებში, მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ყველა კომუნალური სიკეთის შეუზღუდავი მიწოდება, ვინაიდან სახლში დარჩენილი მოსახლეობა იყოს სითბოში და მაქსიმალური კომფორტის პირობებში. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ კომპანიებმა უნდა გადადგან შემხვედრი სოლიდარული ნაბიჯები და ფაქტობრივად უნდა გადაიდოს ყველა გეგმიური ტექნიკური სამუშაოები, გარდა ისეთი სამუშაოებისა, რომელმაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს სისტემას და აგრეთვე, მაქსიმალურად უნდა შეჩერდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მომხმარებლებისთვის მომსახურების შეწყვეტა/შეზღუდვა“, - ნათქვამია განცხადებაში და განმარტავს, რომ ენერგოომბუდსმენის სამსახური მუშაობას აგრძელებს აქტიურ რეჟიმში და მზად არის ნებისმიერი სახის კონსულტაციებისა და ღონისძიებებისთვის.