ახალი კორონავირუსის გამო, ტექნიკის მაღაზიების ნაწილი ფასების კორექტირებას იწყებს. როგორც „ბეკოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე, შექმნილი ვითარების მიზეზით, გაყიდვების კლება არ შეინიშნება. თუმცა, თუ პანიკა გაგრძელდა, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს რეალიზაცია შემცირდება.
ამასთან, ჰემედ მელექი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გამო, კომპანია ფასების კორექტირებას იწყებს, რაც სავარაუდოდ, გაყიდვების მაჩვენებელზე კარგად აისახება და თვის ბოლოს გაყიდვები მნიშვნელოვნად არ შემცირდება.
„კრონავირუსი ჯერჯერობით ჩვენი კომპანიის გაყიდვებზე არ ასახულა. ზოგადად, თებერვალში იანვარ-დეკემბერთან შედარებით ნაკლები გაყიდვა გვაქვს, მაგრამ გასული წლის თებერვალთან შედარებით, იგივე მაჩვენებელია. თუ ეს ვითარება დიდხანს გაგრძელდა და ამასთან, პანიკამ იმატა, სავარაუდოდ, მარტის ბოლოსკენ შემცირდება. თუმცა, შექმნილი ვითრებიდან გამომდინარე, ვაპირებთ ახალი აქციების დაწყებას და ფასების კორექტირებას, ანუ შემცირებას, რის გამოც, ვიმედოვნებთ, რომ გაყიდვები მნიშნელოვნად მაინც არ შეგვიმცირდება“, - ამბობს მეჰმედ მელექი.
მისივე თქმით, ფასების კორექტირება „ბეკოს“ ყველას სახის ტექნიკას შეეხება, თუმცა რამდენი პროცენტით შემცირდება ღირებულება, მეჰმედ მელექი ამბობს, რომ ამაზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს.
„ტექნო ბუმის“ გენერალური დირექტორი ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების საბოლოო შეფასება, სავარაუდოდ, ორ თვეში იქნება შესაძლებელი.
„გაყიდვების დაახლოებით, იგივე მაჩვენებელი გვქონდა თებერვალში, როგორც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. მეტიც, შარშან უფრო მეტად იყო შემცირებული, საბანკო რეგულაციების გამო.
სიმართლე გითხრათ, ჩემი მოლოდინია, რომ დაახლოებით, ორ თვეში პანიკა ჩაცხრება და მერე შევძლებთ საბოლოო ეკონომური შედეგების შეფასებას. თუმცა, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიო ეკონომიკაში კომპანიების და მოქალაქეების დონეზე, ეს უკვე საკმაოდ მძიმედ აისახა. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გარძელდება ვირუსი.
რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ჩვენ მუდმივად გვაქვს აქციები და ფასდაკლებები. ახლა კიდევ უფრო აქტიურად ვცდილობთ საინტერესო აქციების შეთავაზებას მომხმარებლებისთვის“, - ამბობს აზორ ქოქოლაძე.