მიუხედავად საკარანტინო ზონის კონტროლისა, შეინიშნება მოქალაქეების მხრიდან თვითიზოლაციის პირობების დარღვევები, როცა ისინი ტოვებენ იზოლირებულ სივრცეს და გამოდიან გარეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან საზოგადოებას მოუწოდა, მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და თვითიზოლაციისა თუ კარანტინის წესები დაიცვას.
„საკოორდინაციო საბჭო ყოველდღიურად იკრიბება, ერთიან კონტექსტში ხდება შესაძლო სცენარების განხილვა. პარლამენტი, ჯანდაცვის სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლობით, ყველა შეხვედრას ესწრება, ანუ არის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სხვა დამატებითი სტრუქტურების სრული კოორდინირებული მუშაობა. შესაძლოა, რეგულაციები გამკაცრდეს და ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს. ასევე, საზოგადოებას ვთხოვ, მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა იყოს შესაბამისი. ამაზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ მიუხედავად საკარანტინო ზონის კონტროლისა, შეინიშნება მოქალაქეების მხრიდან თვითიზოლაციის პირობების დარღვევები, როცა ისინი ტოვებენ იზოლირებულ სივრცეს და გამოდიან გარეთ. მეტი კონტაქტი შესაძლოა მეტი ზიანის მომტანი იყოს,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
დეპუტატი ასევე გამოეხმაურა ფონდი „ქართუს“ გადაწყვეტილებას, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გამოყოს ფინანსური რესურსი. ხუნდაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესში სწორედ იმ დროს ერთვება, როცა მისი მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემას, ის სრულად შესაბამისია არსებულ ვითარებასთან. ყველა შესაძლო სცენარი გათვლილია. ამ ყველაფერს, გარდა მობილიზებისა, სჭირდება ფინანსური რესურსიც, რაც ამ ეტაპისთვის საკმარისზე მეტიც არის, მაგრამ გამოწვევა, როგორც მსოფლიოს, ასევე ჩვენი ქვეყნის წინაშე საკმაოდ სერიოზულია. ამიტომ მე მივესალმები იმას, რომ „ქართუ ბანკი“ ჩვეული აქტივობით ერთვება სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანას თანადგომა სჭირდება. შესაძლოა, სახელმწიფოს როგორც სტრუქტურულად, ისე ორგანიზაციულად და ფინანსურად დასჭირდეს დამატებითი რესურსები და გარანტია უკვე აღებულია. ბიძინა ივანიშვილი თავისი ჩვეული აქტივობით ერთვება სწორედ იმ დროს, როცა მისი მონაწილეობა გამორჩეულად მნიშვნელოვანია. ასე, რომ ყველაფერი კეთდება, სახელმწიფოს მხრიდან ჩაერთო ყველა, ვისაც ამის რესურსი აქვს, მაგრამ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს. ამიტომ გავითავისოთ, რომ საფრთხე რეალურია. დამშვიდების და თვითკმაყოფილების უფლება არ გვაქვს,“ - განაცხადა ხუნდაძემ.