საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თუ ეკონომიკის სტიმულირებისთვის დამატებითი რესურსები გახდება საჭირო, მთავრობა მიმართავს ყველას, მათ შორის ფონდ „ქართუსაც“. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მოცემული მომენტისთვის, ეკონომიკის სტიმულირების გეგმის თანახმად, საჭირო რესურსი სრულად დათვლილი და მობილიზებულია სახელმწიფოს მხრიდან.
„ის რესურსი, რომელიც ახლა ჩვენ ვთქვით, ეს სრულად დათლილი და მობილიზებულია სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ თუ დაგვჭირდა დამატებითი რესურსები, რა თქმა უნდა, მივმართავთ ყველას, ვინც მსგავსი დახმარებისთვის მზაობას გამოავლენს და პირველ რიგში „ქართუ“ ფონდს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ თუ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი გახანგრძლივდა, მთავრობაც შესაბამისად გააგრძელებს ანტიკრიზისულ და ეკონომიკის წამახალისებელ ღონიძიებებს.
„ვერავინ დღეს ზუსტად ვერ გიპასუხებთ, ეს კრიზისი გაგრძელდება 1 თვე, 2 თვე თუ სამი თვე. ჩვენ ავიღეთ საშუალო ვადა, ჩვენი პროგნოზების შესაბამისად. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს კრიზისი დამთავრდეს უფრო მალე და უფრო სწრაფად. თუ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ღონისძიებებიც, ანტიკრიზისული და ეკონომიკის წამახალისებელი, გაგრძელდება. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორც გითხარით, მივყვებით. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ანტიკრიზისული ღონისძიებები, როგორც პანდემიასთან გამკლავების, ასევე ეკონომიკის სტიმულირების, სრულ ჰარმონიაში მოდიოდეს რეგიონთან და მეზობლებთან გლობალურადაც, რამეთუ ამას ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ის იყოს ეფექტური,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.