ევროკავშირი საბერძნეთში მყოფ ლტოლვილებს სამშობლოში დაბრუნების სანაცვლოდ 2 000 ევროს სთავაზობს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული შეთავაზება გავრცელდება იმ 5 000 მიგრანტზე, რომლებიც საბერძნეთში პირველ იანვრამდე ჩავიდნენ. ევროკავშირში იმედს გამოთქვამენ, რომ ამ შეთავაზების შემდეგ მიგრანტების ნაწილი უკან დაბრუნდება, რაც საბერძნეთში შექმნილ კრიზისულ სიტუაციას ნაწილობრივ მაინც მოაგვარებს. შეგახსენებთ, ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ლტოლვილებს ქვეყნის დატოვების უფლება მისცა.
ბოლო კვირების განმავლობაში საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთა და ევროკავშირში მოხვედრა ათასობით მიგრანტმა სცადა. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის თურქეთში 3.5 მილიონზე მეტი მიგრანტი იმყოფება, მათ შორის უმეტესობა სირიიდან.