პრემიერის დავალებით, ეკონომიკის მინისტრი სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდება

კონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ის პრემიერ-მინისტრის დავალებით დღეს სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდება და კორონავირუსის ინფექციის პრევენციისთვის, მათთან ერთად, იმსჯელებს მათ შორის, ჰიგიენური ნორმების დაცვაზე, სამუშაო რეჟიმებსა და საათებზე.

როგორც ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობა ელოდება, რომ კორონავირუსის გამო განვითარებულ მოვლენებს ეკონომიკაზე საკმაოდ ნეგატიური ზეგავლენა ექნება.

„ყველას უნდა გვესმოდეს, ჩვენ ვიმყოფებით ძალიან სპეციფიკურ და რთულ ვითარებაში გლობალურად. აქედან გამომდინარე, ბევრი პრობლემა წარმოიქმნება, რა თქმა უნდა, რომელიც არის ობიექტური მიზეზებით წარმოქმნილი. ქვეყნები კეტავენ საზღვრებს, მცირდება მიმოსვლა ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა, გარკვეული დისკომფორტი იქნება, არათუ დისკომფორტი და პრობლემები, არამედ ზოგადად ჩვენ ველოდებით, რომ ეკონომიკაზე საკმაოდ ნეგატიური ზეგავლენა ექნება ამ მოვლენებს. მაგრამ ცალკეულ ჯგუფებს აუცილებლად შევხვდებით, მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ დღეს საღამოს მე პრემიერ- მინისტრის დავალებით ვხვდები სავაჭრო ობიექტებს, რადგან ჩვენი ამოცანაა ბიზნესთან პარტნიორობით შევამციროთ კორონავირუსის გავრცელების რისკი და გავაკეთოთ პრევენცია. დღის განმავლობაში სავაჭრო ობიექტებს ბევრი ადამიანი სტუმრობს. ეს შეეხება საზოგადოებრივი კვების ობიექტებსაც, სალონებსაც. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ მაქსიმალურად დისტანციურ ურთიერთობაზე გადავიდეთ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. ვიმჯელოთ სამუშაო რეჟიმსა და საათებზე, ვიმსჯელოთ დამატებით ჰიგიენურ ნორმებზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ინდუსტრია გვერდით დაგვიდგება," - განაცხადა ნათია თურნავამ.