პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა საერთშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოხატული მხარდაჭერის მზაობა მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად გააგრძელებს საბანკო რეგულაციებზე საუბარს იმისთვის, რომ თუ საჭირო გახდება, ეკონომიკის კიდევ უფრო მეტი მასტიმულირებელი ინსტრუმენტები იქნას გამოყენებული.
„გავაგრძელებთ ეროვნულ ბანკთან ერთად საბანკო რეგულაციებზე საუბარს იმისთვის, რომ თუ ეს საჭირო გახდება, ეკონომიკის კიდევ უფრო მეტი მასტიმულირებელი ინსტრუმენტები იქნას გამოყენებული.
აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. კარგად გვესმის, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოხატული მზარდაჭერის მზაობა, სახელმწიფოების, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ ასეთ შედეგს მივაღწევთ.
მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო კერძო სექტორის და განსაკუთრებით საბანკო სექტორის მხრიდან გამოჩენილი მხარდაჭერის სურვილი და მათ ამისთვის მადლობა გადავუხადო. მინდა განსაკუთრებით ხაზგასმით მადლობა გადავუხადო ინიციატივას, რომელიც „ქართუ ფონდმა“ გამოხატა. ჩვენ ყველანი ახლა უნდა ვიყოთ ერთად. „ქართუ ფონდის“ მიერ გამოხატული ინიციატივა არის საუკეთესო დადასტურება და მაგალითი იმის, რომ მსგავსი გამოწვევების პირობებში როგორ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და როგორ უნდა ვუპასუხოთ მსგავს გლობალურ გამოწვევებს“, - განაცხადა გახარიამ.