იტალიაში საქართველოს ელჩის, კონსტანტინე სურგულაძის განცხადებით, იტალიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის 5 ცხელი ხაზია ამოქმედებული.
როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან.
„ყველასთან გვაქვს უწყვეტი კავშირი. მუშაობს ხუთი ცხელი ხაზი. არის ხოლმე შემთხვევები, შეიძლება ათი ადამიანი რეკავდეს ერთდროულად და ამ შემთხვევაში, ჩვენ გამოტოვებულ ზარებსაც ვინიშნავთ და აუცილებლად ვურეკავთ. შესაბამისად, გვაქვს მუდმივი ინტერაქტივი ჩვენს მოქალაქეებთან, ვაძლევთ შესაბამის რჩევებს და ვეხმარებით ყველანაირად იქნება ეს ექიმის დახმარება თუ სხვა რამ“,- განაცხადა კონსტანტინე სურგულაძემ.
მისი თქმით, ამ დროისთვის იტალიაში საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ უდასტურდება კორონავირუსი.
„ერთ ქართველს დაუდასტურდა, რომელსაც უმკურნალეს და ის უკვე გამოჯანმრთელებულია, თუმცა ცოტახანს კიდევ დარჩება კარანტინის რეჟიმში, რომ საბოლოოდ გამოირიცხოს მასში ვირუსის არსებობა. ამ ეტაპზე, სხვა მოქალაქეებთან დაკავშირებით დადასტურებული შემთხვევა არ არის“, -აღნიშნა კონსტანტინე სურგულაძემ.