„ეს უკვე აჟიოტაჟის შედეგია, ნდობა არ არსებობს“ - რომან გოცირიძე ლარის გაუფასურებაზე

„ეს უკვე აჟიოტაჟის შედეგია, შეუძლებელია, რომ ერთ და ორ დღეში მსგავსი რეაქცია ჰქონოდა, ფუნდამენტური მიზეზების გამო“,- ასე აფასებს ლარის გაუფასურებას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ფუნდამენტური მიზეზები, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა ეს მომავალში გამოჩნდება, ამ ეტაპზე რაც ხდება, ეს წმინდა მოლოდინებით არის განპირობებული, რადგან საზოგადოებაში ნდობა არ არსებობს.

„ეს უკვე აჟიოტაჟის შედეგია, შეუძლებელია, რომ ერთ და ორ დღეში მსგავსი რეაქცია ჰქონოდა, ფუნდამენტური მიზეზების გამო. რა თქმა უნდა, ფუნდამენტური მიზეზებიც არის, მაგრამ ეს გამოჩნდება მომავალში. დღეისთვის ეს არის წმინდა მოლოდინებით განპირობებული. ამ შემთხვევაში ნდობა არ არსებობს, ამიტომ ვღებულობთ ამ სურათს.

ადრე თუ გვიან აჟიოტაჟი ჩაცხრება, მაგრამ ფუნდამენტური პრობლემები სამომავლოდ წარმოიშობა. ამიტომ, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ეროვნულმა ბანკმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება, რეფინანსირების სესხები უნდა გაანახევროს და მთავრობამ ბიუჯეტიდან უნდა ამოყაროს უსარგებლო, კორუფცული და ბიუროკრატიული ხარჯების დიდი ნაწილი.

მე ვფიქრობ, აქ მთავრობამ უფრო არ გააკეთა მრავალი რამ, მათ შორის ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით. ლარის და ფასების სტაბილურობის შემრყევი არის ბიუჯეტი და ეს არის ყოველთვის საფრთხის შემცველი. დღეს ბიუჯეტის ხარჯვა მიდის ძალიან ზომიერი და მცირე რაოდენობით, სამაგიეროდ, ეს თავს იყრის წლის მეორე ნახევარში და ზვავივით აწვება. ამიტომ, მთავრობამ წლის მეორე ნახევარში უნდა შეამციროს ბიუჯეტის ხარჯვა და ეროვნულმა ბანკმა უნდა შეწყვიტოს ხელგაშლილი დაკრედიტება კომერციული ბანკების“,-აცხადებს რომან გოცირიძე.

ნინი ქეთელაური