კორონავირუსის საფრთხის გამო მსოფლიოში შეფუთულ ხილსა და ბოსტნეულზე მოთხოვნა გაიზარდა

კორონავირუსის საფრთხის გამო მთელ მსოფლიოში შეფუთულ ხილსა და ბოსტნეულზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.

გამოცემა EastFruit-ის მიხედვით, ბოლო თვის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანი დახლებზე განთავსებული ხილისა და ბოსტნეულის შეძენისგან თავის იკავებენ და უპირატესობას სწორედ დაფასოებულ პროდუქტს ანიჭებენ.

გამოცემის ინფორმაციით, კარანტინის პირველივე დღეს უკრაინაში მსგავსი ტენდენცია გამოიკვეთა და შეფუთული საკვები დახლებიდან მთლიანად გაქრა. დახლებზე პირდაპირ განთავსებულ ხილსა და ბოსტნეულს კი მომხმარებლები უნდობლად უყურებდნენ, რადგან მათ მაღაზიაში მიტანამდე და შემდეგაც, შესაძლოა, ათობით ადამიანი შეეხო.

აღსანიშნავია, რომ მოთხოვნიდან გამომდინარე უკრაინაში შესაფუთ მასალაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა და მიმწოდებლებს რეზერვების თითქმის მთლიანად დაცლა მოუწიათ.

სტატიის მიხედვით, მსგავსი ტენდენცია უკრაინის გარდა უკვე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში შეინიშნება და შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ბაზარზე ხილისა და ბოსტნეულის უმეტესობა შეფუთულ მდგომარეობაში გაიყიდოს.

ბექა ბერიაშვილი