იუსტიციის უმაღლესი საბჭო კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად სასამართლო სისტემებს რეკომენდაციებით მიმართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად სასამართლო სისტემებს გასათვალისწინებელი რეკომენდაციებით მიმართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად ერთიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საერთო სასამართლოებმა და სასამართლოს მომხმარებლებმა მიზანშეწონილია გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:

1. საერთო სასამართლოებმა უზრუნველყონ:

ა) წარმოებაში არსებულ საქმეთა განხილვის გადადება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმეთა განხილვის ვადების გათვალისწინებით, გარდა შემჭიდროვებულ ვადებში განსახილველი საქმეებისა;

ბ) საქმეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

გ) პროცესის მონაწილეთა სასამართლო განხილვაში მონაწილეობა დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

დ) სხდომაზე დამსწრე პირთა, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენლების, რაოდენობის შეზღუდვა;

ე) სამოქალაქო საქმეებზე გზავნილებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების მხარეებისათვის ჩაბარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

ვ) სასამართლოს შენობაში მოქალაქეთა ნაკადის მართვა, მოქალაქეთა (მათ შორის მასმედიის წამომადგენლების) არამიზნობრივი გადაადგილების შეზღუდვა სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში, მათ შორის სასამართლოში არსებული სასადილოთი სარგებლობის შეზღუდვა;

ზ) სასამართლოს შენობაში მოქალაქის შესვლისას ტემპერატურის შემოწმება და სადეზინფექციო საშუალებებით ხელების დამუშავება;

თ) მოქალაქეთა მისაღებში სასამართლოს მომხმარებელთა რაოდენობის არაუმეტეს 20 ერთეულამდე შეზღუდვა;

ი) სასამართლოში დაგეგმილი საჯარო ღონისძიებების, შეხვედრების, სასწავლო ვიზიტების, მოქალაქეთა მიღებების, ასევე სამსახურებრივი მივლინებების გადადება, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა;

კ) მოქალაქეთა ინფორმირება სასამართლოში არსებული დისტანციური სერვისების თაობაზე;

ლ) სარჩელებისა და სხვა დოკუმენტაციის მიღება მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული სპეციალური ყუთის მეშვეობით.

2. მოქალაქეებმა:

ა) თავი შეიკავონ სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან, გარდა განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობისა, რა დროსაც მოქალაქე სასამართლოში უნდა გამოცხადდეს თანხმლები პირების გარეშე, ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს. მოქალაქეს ეკრძალება სასამართლოში გამოცხადება, თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები ან იგი ექცევა მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ აკრძალვაში;

ბ) სასამართლოსათვის მიმართვისას ისარგებლონ დისტანციური სერვისებით (მათ შორის სასამართლო საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით (www.ecourt.ge) და საქართველოს ფოსტით;

გ) შეზღუდონ სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში არამიზნობრივი გადაადგილება და გაითვალისწინონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.

3. საერთო სასამართლოებში დასაქმებულს, რომელიც 2020 წლის 1 მარტის შემდეგ იმყოფებოდა/იმყოფება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ან რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებულ ახალი კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნიდან ჩამოსულ პირთან ან მასთან ერთად მცხოვრებ პირთან ან იმ პირთან, ვისაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, შესაბამისად საქართველოში დაბრუნებიდან ან ასეთი კონტაქტის ქონიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში აეკრძალოს სამსახურში გამოცხადება.

4. მე-3 პუნქტით განსაზღვრულმა პირმა 10 სამუშაო დღე გაატაროს თვითიზოლაციაში და აღნიშნულის დამადასტურებლად ელექტრონულად დაარეგისტრიროს განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (info@moh.gov.ge). ამასთან, სამსახურში გამოუცხადებლობის კონკრეტული მიზეზი აცნობოს და დაკავშირებული დოკუმენტები წარუდგინოს შესაბამის სასამართლოს თავმჯდომარეს/მენეჯერს.

5. საერთო სასამართლოებში დასაქმებული ორსული, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები, დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადებები) მქონე ან/და 60 წელზე მეტი ასაკის დასაქმებული, სასამართლოს თავმჯდომარესთან/მენეჯერთან შეთანხმებით, გადავიდეს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.

6. საერთო სასამართლოებში დასაქმებულს, რომელსაც ჰყავს სკოლამდელი ან სასკოლო (დაწყებითი საფეხური) ასაკის შვილები, სააღმზრდელო და სასკოლო დაწესებულებებში არდადეგების დასრულებამდე მიეცეს უფლება, სასამართლოს მენეჯერთან შეთანხმებით, გადავიდეს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. შესაძლებლობის შემთხვევაში თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა სამუშაო შეასრულოს ასევე დისტანციურად, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესაბამისად.

7. მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დასაქმებულების გარდა, სხვა დასაქმებულებს უფლება მიეცეთ სამუშაო კვირის განმავლობაში თავისი უფლებამოსილებები შეასრულონ დისტანციურად სასამართლოს მენეჯერის მიერ შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად.

8. დისტანციური შრომის რეჟიმი არ შეეხება იმ დასაქმებულებს, რომელთა დისტანციური შრომის რეჟიმი შეაფერხებს სასამართლოს საქმიანობას და ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას.

9. საჭიროების შემთხვევაში, დისტანციური შრომის რეჟიმში მყოფი თანამშრომელი ვალდებულია მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს სამსახურში.

10. მე-3 და მე-5-მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებს შეუნარჩუნდეთ შრომის ანაზღაურება.

11. საქმეთა განაწილების მიზნებისთვის, მოსამართლეთა თვითიზოლაციაში ყოფნა ჩაითვალოს „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ მე-4 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად.

12. ეთხოვოს სასამართლოს შენობაში მყოფ ყველა პირს, დაიცვას ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების მიერ გაცემული რეკომენდაციები და ჰიგიენის წესები.

13. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა უზრუნველყოს სასამართლო საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით სარგებლობა მომსახურების საფასურის გარეშე.

14. რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად სასამართლოს თავმჯდომარეებმა გამოსცენ შესაბამისი ბრძანებები.

15. აღნიშნული რეკომენდაციები მოქმედებს მის გაუქმებამდე.

რეკომენდაციების მიღებას იუსტიციის უმაღლესმა დღევანდელ სხდომაზე მხარი ერთხმად დაუჭირა.