„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისთვის ნებართვის მიღების პროცედურის პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვას 26 მარტისთვის ელოდება.
როგორც „ეიფიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, ის გუშინ შეხვდა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა და დაარწმუნა, რომ ნებართვის მიღების პროცესი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.
„გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების პროექტის პირველი ეტაპის ნებართვის მიღების სტატუსის შესახებ. როგორც ადრე გაცნობეთ, წელს, 11 თებერვალს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს გადავეცით მიწის გამოყენების ნებართვის მიღებისთვის საჭირო ყველა საბუთი. გუშინ გვქონდა შეხვედრა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ამ საკითხის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და ძალზე დადებითად ვართ განწყობილები, რადგან მან დაგვარწმუნა, რომ პროცესი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მშენებლობის ნებართვის მიღების სამსაფეხურიანი პროცედურის პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვას 26 მარტისთვის ველოდებით.
ამის შემდეგ გადავალთ მეორე ეტაპზე, რომელიც გულისხმობს გარემოზე ზემოქმედების კვლევის დასკვნის მომზადებას და ახალი ნავსადგურის დეტალური დიზაინის წარდგენას სამინისტროსთვის. მესამე ეტაპი კი „ეიფიემ ტერმინალსსა“ და საქართველოს მთავრობას შორის გარკვეული ვალდებულებების მიმოცვლას შეეხება.
დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად წარიმართება, რადგან ვერ ვხედავთ მშენებლობის პროცესის დაწყების რამენაირი დაბრკოლების წინაპირობას.
ძალზედ ვაფასებთ იმ მხარდაჭერას რაც ქალბატონმა ნათია თურნავამ გამოხატა გუშინდელ შეხვედრაზე და მოუთმენლად ველოდებით ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენებას, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისათვის,“- განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის გენერალურმა დირექტორმა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც მან მედიის წარმომადგენლებს გააცნო ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების ნებართვის მიღების სტატუსი, მიმოიხილა პროექტი და მისი მნიშვნელოვნება როგორც ქვეყნისთვის, ასევე ქალაქ ფოთისთვის და მთლიანად რეგიონისთვის.