ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ წარდგენილ ეკონომიკური სტიმულირების გეგმას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ეს არასერიოზული განცხადებაა, რომელიც ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დღეს ყველაზე მთავარი ფასების ზრდისა და ლარის გაუფასურების შეჩერებაა.
„ძალიან არასერიოზული გეგმაა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, დღეს ყველაზე მთავარი არის ფასების ზრდისა და ლარის გაუფასურების შეჩერება, ამისთვის ორი გზა არსებობს, ერთი ფისკალური ანუ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება და ბიუროკრატიული ხარჯების ამოყრა ბიუჯეტიდან, საკრედიტო იპოთეკის გამკაცრება. ამ განცხადებაში ჩვენ პირიქით, საწინააღმდეგო მოვისმინეთ, თურმე ახლა ეკონომიკური სტიმულირებისთვის ბიუჯეტში ხარჯებს გაზრდიან. ეს ძალიან სახიფათო განცხადებაა, ვინაიდან დღეს არა ეკონომიკის ფულით სტიმულირებაა საჭირო, არამედ ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორია სტაბილურობა და სტაბილური ფასები. რაც შეეხება ცალკეულ სეგმენტურ მხარდაჭერას, ესეც არასაკმარისია, მითუმეტეს ის მხოლოდ ვიწრო სეგმენტზეა გათვლილი“,-აცხადებს გოცირიძე.
მისი განმარტებით, ხელისუფლებამ ფაქტობრივად „ხელი ჩაიქნია მცირე ბიზნესზე და ასი ათასობით ადამიანი რეალურად ბედის ანაბარა დატოვა, როგორებიც არიან მაგალითად, ხელოსნები, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, ტაქსის მძღოლები, მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანები“.
გოცირიძის შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი კრიზისი ყველაზე მძიმედ მცირე ბიზნესზე აისახება.
„ამ მიმართულებით არავითარი ნაბიჯი არ არის გადადგმული, მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე მაინც არის ის, რომ რეალურად ვერ შეიგნო ხელისუფლებამ, დღეს ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის მთავარი მტერი ის ბიუჯეტია, რომელიც მუდამ ხდებოდა არასტაბილურობის წყარო. როგორც ჩანს, ბიუჯეტის გაჯანსაღებას არ აპირებენ“,-აცხადებს გოცირიძე.
იგი ასევე ფონდი „ქართუს“ განცხადებასაც გამოეხმაურა და დასძინა, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის მორიგი სატყუარა იქნება.
„ჯერ „ქართუს“ ერთი ლარი არ გაუღია და უკვე მადლობას უხდიან. ჯერ „ქართუმ“ განაცხადოს, რა დაუჯდა მას ვალების გამოსყიდვა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ფაქტობრივად, ამ რიცხვს მალავენ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებს წაართვეს სესხები და ვალი, მათ ხარჯზე მოხდა 2 ათას ლარამდე დავალიანების ჩამოწერა და დღეს ყველა მალავს თანხის იმ რაოდენობას, რომელიც გაიღეს. ფაქტობრივად, არაფერი დაუხარჯავთ. მორიგი აფიორა იქნება ეს, წინასაარჩევნოდ ივანიშვილმა მორიგი სატყუარა გადმოაგდო“,-აცხადებს გოცირიძე.
მისი თქმით, მთავრობის გუნდის წევრების მიერ წარდგენილი გეგმა „უპასუხისმგებლო განცხადებაა, რომელიც ბიუჯეტის ზრდას გულისხმობს“.
„სესხით უნდათ ეკონომიკის სტიმულირება, რაც შემდგომ ლარის გაუფასურებასა და ფასების ზრდას გამოიწვევს. ამიტომ, დღეს ჯანსაღი პოლიტიკაა საჭირო და არა ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც საბოლოოდ ქვეყანაში მაკროეკონომიკურ სტაბილურობას შეარყევს, უმუშევრობას და ხალხის გაღარიბებას გამოიწვევს“,-განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკური სტიმულირების გეგმა წარადგინა, რომელიც მთავრობამ კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკაზე ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად შეიმუშავა. გეგმის თანახმად, 4 ნომბრიდან 50 ნომბრამდე მცირე სასტუმროებისთვის 6 თვის განმავლობაში სესხის პროცენტს სახელმწიფო დაფარავს. მთავრობის გადაწყვეტილებით, კაპიტალურ ხარჯებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში დამატებით, წლის ბოლომდე ინვესტირებული იქნება 300 მილიონი ლარი. სასტუმროებსა და რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო და საექსკურსიო კომპანიებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი 4 თვით გადაუვადდებათ. 2020 წელს დაგეგმილი დღგ-ს დასაბრუნებელი თანხა-600 მილიონი ლარი, გაორმაგდება. ასევე, საჭიროების შემთხვევაში კომერციული ბანკები კომპანიების სესხების რესტრუქტურიზაციას მოახდენენ. ფიზიკური პირები კი აუცილებლობის შემთხვევაში, 3 თვის განმავლობაში სესხის მომსახურეობის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.